fbpx

რას ვერ იტყვი – Paul Graham

პოლ გრეემი

რას ვერ იტყვი – Paul Graham

შეგიხედავს ოდესმე შენი ძველი ფოტოსთვის და შეგრცხვენია, თუ როგორ გამოიყურებოდი? მართლა ასე ვიცვამდით?… კი და თან, წარმოდგენაც არ გვქონდა, რამდენად სულელურად გამოვიყურებოდით. ზოგადად, მოდის ბუნებაა, რომ ის ყველა ჩვენგანისთვის შეუმჩნეველი იყოს (ისევე, როგორც დედამიწის მოძრაობა). თუმცა, მე ის მაშინებს, რომ არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ მორალური მოდაც არსებობს. ადამიანთა უმეტესობისთვის უკანასკნელიც ასეთივე უხილავი, თუმცა, მეტად სახიფათოა. საერთოდ, ტანისამოსის მოდა ხშირად კარგ დიზაინში, ხოლო მორალური მოდა სიკეთეში ერევათ. ანუ, თუ უცნაურად ჩაიცვამ, დაგცინებენ; მორალური მოდის  დარღვევის შემთხვევაში კი, შეიძლება სამსახურიდან გაგათავისუფლონ, საზოგადოებიდან განგდევნონ, დაგაპატიმრონ ან თუნდაც, მოგკლან.

დროის მანქანით წარსულში დაბრუნება რომ შეგვეძლოს, ერთი რამ აუცილებლად  იქნებოდა ჭეშმარიტი – სადაც არ უნდა წასულიყავი, შენს ნათქვამს უნდა დაკვირვებოდი, რადგან მოსაზრებებს, რომლებიც ჩვენ უვნებლად მიგვაჩნია, შეიძლება დიდ შარში გაეხვიე.  მაგალითად, ამ სტატიაში უკვე დავწერე ერთი ისეთი ფრაზა, რის გამოც მე-17 საუკუნის ევროპის უდიდეს ნაწილში პრობლემები შემექმებოდა (გალილეოსაც შეუქმნა, როდესაც მან თქვა, რომ დედამიწა მოძრაობს). როგორც ჩანს, ეს ჩვენი არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში უცვლელია – ყოველ ეპოქაში ადამიანებს სჯეროდათ სასაცილო რაღაცების და თან იმდენად ძლიერად, რომ თუ რაიმე საწინააღმდეგოს იტყოდი, საშინელ დღეში აღმოჩნდებოდი. არის ჩვენი ეპოქა რაიმით განსხვავებული? ნებისმიერისთვის, ვისაც ისტორიის პატარა ცოდნა მაინც აქვს, პასუხი არის – ,,თითქმის, არა’’.

ძალიან მაცდურია იმაზე ფიქრი, რომ ახლა შეიძლება ისეთი რაღაცების გვჯეროდეს, რაც მომავლის ადამიანებისთვის სასაცილო იქნება. რა იქნებოდა ისეთი რაღაც, რის თქმასაც მოერიდებოდა ჩვენთან სტუმრად მოსული მომავლის ადამიანი? გარდა ამისა, საინტერესოა ის ზოგადი ,,ფორმულები’’ და მეთოდები, რომლებიც იმის აღმოჩენაში დაგეხმარება, თუ რას ვერ იტყოდი ნებისმიერ ეპოქაში.

პრობლემების შექმნა

რას ვერ ვიტყვით? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად ერთერთი გზა იმ რაღაცებზე დაკვირვებაა, რასაც ხალხი ამბობს და რის გამოც, მათ პრობლემები ექმნებათ. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ისეთ რაღაცებს არ ვეძებთ, რისი თქმაც არ შეგვიძლია. არამედ, ჩვენ ვეძებთ იმას, რასაც ვერ ვამბობთ და რაც ამავდროულად სიმართლეა (ან შანსია, სიმართლე იყოს).

მაგალითად, ისეთ აშკარად ყალბ განცხადებებზე როგორიცაა 2+2=5 ტოლობა, საზოგადოება არ ბრაზდება; ისინი ამას ხუმრობად ან, უკიდურეს შემთხვევაში, სიგიჟედ მიიჩნევენ. თუ ადამიანები რაიმეზე ბრაზდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მის დაჯერებადობაზე ღელავენ; ხოლო თუ ისინი ფიქრობენ, რომ განცხადება შესაძლოა სიმართლე იყოს, მაშინ ძალიან ბრაზდებიან. მაგალითად, გალილეოს რომ ეთქვა, რომ პანდუაში მცხოვრები ადამიანები 10 ფუტი (დაახლოებით, 3 მეტრი) სიმაღლის იყვნენ, მას უვნებელ ექსცენტრულ ადამიანად ჩათვლიდნენ. დედამიწის მზის გარშემო ტრიალზე საუბარი კი უკვე სხვა საკითხი იყო; ეკლესიამ იცოდა, რომ ეს ხალხს დააფიქრებდა.

ბევრი განცხადება, რომლის გამოც ადამიანებს ადრე პრობლემები შეექმნათ, ახლა ,,უსაფრთხოა’’. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სტუმრები მომავლიდან ზოგიერთ განცხადებას მაინც დაეთხმებოდნენ, რომლიც გამოც ადამიანებს ახლა ექმნებათ პრობლემები. ამიტომ, ყოველთვის ადევნე თვალი ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც უსიამოვნებებს იწვევს და დასვი კითხვა – კი, ეს შეიძლება ერეტიკული იყოს, მაგრამ იქნებ სიმართლეცაა?

იარლიყები

რა ხდება მაშინ, თუ კონკრეტული იდეის გამო პრობლემები ჯერჯერობით არავის შეჰქმნია? რა ხდება მაშინ, თუ მოსაზრება იმდენად სადავოა, რომ მის საჯაროდ გამოხატვას ვერავინ ბედავს? მაშ, გავეცნოთ კიდევ ერთ მიდგომას, რომელიც სიტყვა ,,ერესს’’ მისდევს თან.

ისტორიის ყველა პერიოდში არსებობდა იარლიყები, რომლებიც კონკრეტულ განცხადებებზე მათი განადგურების (მანამ, სანამ ვინმე მის ჭეშმარიტებაზე დაფიქრდებოდა) მიზნით იყო მიმართული. ადრე, დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილში ორი ასეთი იარლიყი – ,,ღვთისგმობა’’ და ,,ერესი’’ – იყო გავრცელებული; უახლოეს წარსულში ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა სიტყვები – ,,ვულგარული’’, ,,არაამერიკული’’. დღეისათვის ამ იარლიყებს ძირითადად ირონიულ კონტექსტში გამოიყენებენ, თუმცა, თავის დროზე მათ დიდი ძალა ჰქონდათ.

ისტორიის ნებისმიერ ეპოქაში, საზოგადოებაში დამკვიდრებული იარლიყების რაობის გარკვევა მარტივია – უბრალოდ იმას უნდა დააკვირდე, თუ რას უწოდებენ ადამიანები იმ იდეებს, რომელთაც არ ეთანხმებიან (გარდა სიცრუისა). მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი მოწინააღმდეგე ცდება, ეს პირდაპირი კრიტიკაა. აი, როდესაც პირი თავს ესხმის განცხადებას და ამბობს, რომ ის ,,განხეთქილების მთესავია’’ (ნაცვლად იმისა, რომ მისი სიყალბე დაამტკიცოს), განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ამრიგად, კიდევ ერთი გზა იმის გასარკვევად, თუ რომელ ტაბუზე გაეცინებათ მომავალ თაობებს, არის დღევანდელ საზოგადოებაში არსებული იარლიყების ძიება. შეარჩიე ნებისმიერი მათგანი; შემდეგ იფიქრე იმაზე, რასაც ამ იარლიყს მიაკრავდნენ; ბოლოს დასვი კითხვა – შეიძლება ეს სიმართლე იყოს?

დრო და სივრცე

მომავალში გახედვა რომ შეგვეძლოს, ცხადი იქნებოდა, ჩვენს რომელ ტაბუზე გაიცინებდნენ მომავლის ადამიანები. ამის ნამდვილად არა, თუმცა მსგავსი რაღაცის გაკეთება – წარსულზე დაკვირვება – შეგვიძლია.

წარსულსა და აწმყოს შორის ცვლილებები ზოგჯერ პროგრესს გამოსახავს. მაგალითად, ფიზიკა რომ ავიღოთ, ამ დარგში არსებულ გარკვეულ საკითხებზე წინა თაობებს იმიტომ არ ვეთანხმებით, რომ ჩვენ მართლები ვართ, ისინი კი ცდებოდნენ. თუმცა, ეს მიდგომა მით უფრო გამოუსადეგარი ხდება, რაც უფრო ვშორდებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სიზუსტეს. აი, როდესაც სოციალურ საკითხებამდე მივაღწევთ, ბევრი ცვლილება უბრალოდ მოდაა.

მოდი, ასეთ ხერხსაც მივმართოთ – ახლანდელი კულტურა ძველს შეადარე და დააკვირდი, თუ რამდენი რამ იქნება შოკისმომგვრელი დღევანდელი სტანდარტებით. კი, განსხვავებულია, მაგრამ რომელი მათგანია სწორი? რეალურად, ასე შორს წასვლა არც გჭირდება. ჩვენს დროშიც კი, სხვადასხვა საზოგადოებას სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ რა არის მისაღები და რა – არა. ნებისმიერი იდეა, რომელიც სხვა ადგილების უმეტესობაში უვნებლად ითვლება, ხოლო ჩვენში ჯერ კიდევ ტაბუდადებულია, გვაჩვენებს, რომ რაღაცაში ვცდებით.

ტაბუების შექმნის მექანიზმი

კიდევ ერთი გზა იმის გასარკვევად, თუ რისი თქმა არ შეგვიძლია, ტაბუების შექმნის მექანიზმზე დაკვირვებაა. როგორ ჩნდება მორალური მოდა და რატომ ხდება მისი საზოგადოდ მიღება?

მორალური მოდა ტანსაცმლის მოდის მსგავსად არ წარმოიქმნება. უკანასკნელი შემთხვევით აღმოცენდება მაშინ, როდესაც ადამიანები ვინმე გავლენიანის ახირებას ბაძავენ. მორალური მოდა კი, უფრო ხშირად, შეგნებულად არის შექმნილი. ზოგჯერ რაღაცებს მხოლოდ იმიტომ ვერ ვამბობთ, რომ ეს რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს არ სურს. აკრძალვა ყველაზე ძლიერი მაშინ ხდება, როდესაც ეს ჯგუფი ღელავს. ტაბუს ჩამოსაყალიბებლად, ჯგუფი სისუსტესა და ძალაუფლებას შორის უნდა იყოს – თავდაჯერებულ ჯგუფს თავდასაცავად ტაბუ არ სჭირდება; ის საკმარისად სუსტი უნდა იყოს იმისათვის, რომ ტაბუები სჭირდებოდეს; თუმცა, ამავდროულად საკმარისად ძლიერიც, რომ ისინი მოქმედებაში მოიყვანოს.

მიუხედავად იმისა, რომ მორალური და ტანსაცმლის მოდა განსხვავებული წყაროებიდან წარმოიქმნება, მათი საზოგადოებაში მიღების მექანიზმი თითქმის ერთნაირია. ადრეულ მიმდევრებს ამბიცია ამოძრავებთ, მათ ბრბოსგან გამორჩევა სურთ. მოდის დამკვიდრებისთანავე, მათ მეორე, გაცილებით დიდი ჯგუფი უერთდება, რომელსაც შიში ამოძრავებს. უკანასკნელი მოდას იღებს არა იმიტომ, რომ გამორჩევა სურს, არამედ იმიტომ, რომ გამორჩეულობის ეშინია.

ასე რომ, თუ გსურს გაარკვიო, რისი თქმა არ შეგვიძლია,  მოდის მექანიზმს გადახედე. რომელი ჯგუფები არიან ძლიერები, თუმცა მღელვარენი და რა იდეების ჩახშობას ისურვებდნენ? ადამიანს ძველი მოდისგან გამორჩევა რომ სდომოდა, რომელ იდეებს უარყოფდა? რისი თქმის ეშინიათ სტანდარტულად მოაზროვნე ადამიანებს?

აზრების არგამოთქმა ან ბძოლა

როდესაც პოულობ იმას, რასაც ვერ იტყვი, რას აკეთებ მერე? ამ დროს მოქმედების ორი ვარიანტი გაქვს – ან არ უნდა თქვა, ან ბრძოლა უნდა აირჩიო.

დავუშვათ, მომავალში ყვითელი ფერის აკრძალვის მიზნით მოძრაობა ჩამოყალიბდა. ადამიანები, რომლებზეც ეჭვობენ, რომ ეს ფერი მოსწონთ, ,,ყვითლისტებად’’ განიხილებიან; ხოლო პირები, რომელთაც სტაფილოსფერი უყვართ, შეწყნარებულნი არიან, თუმცა მათ მაინც ეჭვის თვალით უყურებენ. ჩავთვალოთ, შენ მიხვდი, რომ ყვითელიც ჩვეულებრივი ფერია და ამის მრავალი არგუმენტი გაქვს. საზოგადოდ რომ გამოხვიდე და ეს თქვა, შენც ყვითლისტად შეგრაცხავენ. თუ შენი ცხოვრებისეული მიზანი ყვითელი ფერის რეაბილიტაციაა, მაშინ ასეც უნდა მოიქცე; თუ სხვა საკითხებით ხარ დაინტერესებული, მაშინ ეს შენთვის მხოლოდ დროის კარგვა იქნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმაზე ფიქრი შეძლო, რაც გსურს და არა თქვა ის, რაც გინდა. აზრებსა და მეტყველებას შორის მკვეთრი ხაზი უნდა გაავლო. შენს გონებაში ყველაფერი ნებადართულია. თუმცა, ისევე როგორც საიდუმლო საზოგადოებაში, შენობის შიგნით რაც ხდება, გარე პირებს არ უნდა ეცნობოს. გაუღიმე ყველას, მაგრამ არ უთხრა, რას ფიქრობ. ვაღიარებ, სიჩუმის შენარჩუნება სიმხდალეს ჰგავს, თუმცა, ყველაფერი რომ თქვა, რეალური საქმისთვის დრო აღარ დაგრჩება.

საღი აზროვნება

ზოგადად, როდესაც ადამიანებს მათემატიკა არ გამოსდით, მათ ეს იციან, რადგან ტესტებში არასწორ პასუხებს წერენ. თუმცა, როდესაც ადამიანებს საღად აზროვნება არ გამოსდით, მათ ეს არ იციან. რეალურად, ისინი პირიქით ფიქრობენ. ხომ გახსოვს, მოდის ბუნებაა, რომ იყოს უხილავი. ადამიანი, რომელიც მისით დომინირებულია, მას არა მოდად, არამედ უბრალოდ სწორ საქციელად აღიქვამს. მხოლოდ შორიდან შეხედვით შეგვიძლია რაღაცების მოდად იდენტიფიცირება. ამაზე დასაკვირვებლად საჭირო მანძილს დრო გვაძლევს – ახალი მოდის აღმოცენება ძველს ადვილად შესამჩნევს ხდის, რადგან კონტრასტში ისინი სასაცილოდ გამოიყურებიან.

მოდის აწმყოში დასანახად კი შეგნებული ძალისხმევაა საჭირო. დასაკვირვებლად საჭირო მანძილი დროის დახმარების გარეშე, თავად უნდა შექმნა. იმის ნაცვლად, რომ იყო ბრბოს ნაწილი, მისგან რაც შეიძლება შორს დადექი და მოქმედებას დააკვირდი. განსაკუთრებული ყურადღება მაშინ გამოიჩინე, როდესაც რაიმე იდეის ან მოსაზრების დახშობას ცდილობენ. თუმცა, შორიდან მხოლოდ ბრბოს კი არა, საკუთარ ფიქრებსაც უნდა უყურო. კი, ნამდვილად რთულია, რადგან ახლა სოციალური ჩვეულებების საწინააღმდეგოდ მოქმედებ. თუმცა, ყოველთვის დასვი კითხვები – რას ვერ იტყვი და რატომ?

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post