რუსეთში Wikipedia-ის მასალების მასობრივი ჩამოტვირთვა დაიწყეს
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო მოქმედებები უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის მიმართ არაერთი სანქცია ამოქმედდა, რამაც ქვეყნის მოსახლეობა დასავლეთს, ფაქტობრივად, მოწყვიტა. თუმცა, შეზღუდვები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება – თავად რუსეთმა მარტის დასაწყისში აკრძალა ინფორმაციის გავრცელების ისეთი მნიშვნელოვანი წყაროები, როგორებიცაა სოციალური ქსელები Facebook და Instagram, ხოლო მათი მშობელი კომპანია Meta სულ ახლახან ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამასთან ერთად, რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (იგივე, როსკომნადზორი) ქვეყანაში Wikipedia-ის დაბლოკვითაც იმუქრება. აღნიშნულ ფონზე კი, რუსეთის მოსახლეობამ ენციკლოპედიის სრული რუსულენოვანი ვერსიის მასობრივი ჩამოტვირთვა დაიწყო.
იმისათვის, რომ მომხმარებლებს Wikipedia-ის მასალების გადმოწერა გამარტივებოდათ, არაკომერციულმა ორგანიზაცია Kiwix-მა ენციკლოპედიის რუსულ ვერსიაში არსებული სტატიები შეაგროვა (მათმა რაოდენობამ 1,8 მილიონი შეადგინა) და 29 გეგაბაიტის ზომის ტორენტ ფაილი შექმნა.
Kiwix-ის საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკის თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსულენოვანი Wikipedia-ის ჩამოტვირთვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ვებსაიტის ვიზიტორების უმეტეს ნაწილი სწორედ ამ ტერიტორიიდან ფიქსირდებიან.
რაც შეეხება Wikipedia-ის დაბლოკვის მუქარის მიზეზს, როსკომნადზორმა პირველ მარტს ენციკლოპედიის მფლობელ კომპანიას, Wikimedia Foundation-ს გაუგზავნა განცხადება, რომელშიც ის სტატიის სათაურით ,,Вторжение России на Украину (2022)’’ (,,რუსეთის უკრაინაში შეჭრა (2022)’’ წაშლას მოითხოვდა. ფედერალური სამსახური ამის მიზეზად მასალაში მოცემულ ცრუ ინფორმაციას და, შესაბამისად, კანონდარღვევას ასახელებდა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საიტი სრულად დაიბლოკებოდა.
აღნიშნულს Wikimedia Foundation 3 მარტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ აპირებდა ხალხისთვის თავისუფალი, ღია და გადამოწმებადი ინფორმაციის წვდომის ძირითადი უფლების წართმევას.
,,Wikipedia-ზე არსებული ინფორმაციას მოიპოვებენ და ავრცელებენ მოხალისეები. ისინი ხარჯავენ დროსა და ენერგიას, რათა უზრუნველყონ, რომ მასალა არის ფაქტებზე დაფუძნებული და სანდო. ბევრი ამ საქმიანობას აგრძელებს არახელსაყრელ ვითარებაში – შეჭრა გრძელდება, უკრაინელი მოხალისეები კი, დიდი სირთულეების პირობებში, განაგრძობენ მასალების დამატებას. ჩვენ ვუერთდებით Wikimedia Russia-ს, დამოუკიდებელ რუსულ ფილიალს და რუსული ვიკიპედიის მოხალისეთა ფართო საზოგადოებას, რათა დავიცვათ მათი უფლება, გააგრძელონ Wikipedia-ის რედაქტირება ყველაზე აქტუალური და სანდო ინფორმაციით, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან’’, – განაცხადა კომპანიამ.