fbpx

როგორ შევქმნათ წლიური ანგარიში

წლიური ანგარიში

როგორ შევქმნათ წლიური ანგარიში

წლიური ანგარიში არის კომპანიის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც ბიზნესის მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ შემაჯამებელ, ყოვლისმომცველ მიმოხილვას მოიცავს. ის გვიჩვენებს მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებს, ასევე ოპერაციებისა და სტრატეგიების ფართო სურათს.

წლიური ანგარიშები ტექსტობრივ მასალასთან ერთად, წარდგენილი მონაცემების ვიზუალიზაციის სხვადასხვა საშუალებას (მათ შორის, სქემებსა და გრაფიკებს) მოიცავს, რათა აუდიტორიის ყურადღება მიიპყროს და მას ბიზნესსაქმიანობის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების უკეთ გააზრებაში დაეხმაროს. თუმცა, ცხადია, ბალანსი უნდა იყოს დაცული და ანგარიში ზედმეტი ტექსტობრივი ან გრაფიკული მასალით არ უნდა გადავტვირთოთ.

შაბლონი

შაბლონი, რომელსაც ანგარიშის შესაქმნელად შევარჩევთ, ინდივიდუალურ ბიზნესსაჭიროებებსა და მნიშვნელოვან მეტრიკებს უნდა ეფუძნებოდეს. ის უნდა მოიცავდეს იმ სექციებს, რომლებითაც ყველაზე კარგად წარვადგენთ ჩვენს მარკეტინგულ კამპანიებს, წლიური გაყიდვებისა თუ სხვა მაჩვენებლებს. ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშები, ცხადია, კომპანიებისა და ინდუსტრიების მიხედვით განსხვავდება. თუმცა, არსებობს გარკვეული ელემენტები, რომლებიც ნებისმიერ წლიურ ანგარიშში უნდა მოვიცვათ.

წლიური მიზნებისა და სტრატეგიების შეჯამება

ანგარიშის პირველ ნაწილში წლიური მიზნები და სტრატეგიები უნდა შევაჯამოთ. ეს აუდიტორიას ზოგად წარმოდგენას შეუქმნის კომპანიის ერთი წლის განმავლობაში არსებული ფოკუსის შესახებ და მას საჭირო ინფორმაციას მიაწოდებს ანგარიშის დანარჩენი ნაწილის უკეთ გასააზრებლად და კონტექსტთან დასაკავშირებლად.

ვთქვათ, მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობთ და ყოველწლიურ ანგარიშს ვქმნით. ამ შემთხვევაში, პირველ განყოფილებაში შესაძლოა მარკეტინგული მიზნები და მათ მისაღწევად განხორციელებული კამპანიები მოვიცვათ.

KPI-ისა და მიზნების გამოკვეთა

წლიური ანგარიშში ყურადღება უნდა გავამახვილოთ შესრულებული სამუშაოს ძირითად ინდიკატორებზე (KPI), რომლებიც წარმატების გასაზომად გამოვიყენეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს განყოფილება ანგარიშის მთავარი ნაწილია, რადგან მასში წლიური საქმიანობის შედეგებს ვაჩვენებთ.

ამ სექციაში სქემების, გრაფიკისა და დიზაინის ნებისმიერი სხვა შემოქმედებითი ელემენტის გამოყენება უკეთ წარმოაჩენს მონაცემების მნიშვნელობას. ვთქვათ, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ყველა არხზე ინვესტიციის უკუგების (ROI) გაზრდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად და ტექსტობრივადაც შეგვიძლია იმის ახსნა, თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა რომელიმე კონკრეტული სოციალური არხის ROI, გრაფიკი, რომელიც ვიზუალურად ასახავს წლებს შორის განსხვავებას, ჩვენს წარმატებას უფრო ნათლად წარმოაჩენს.

ძირითადი მიღწევების ახსნა და სამომავლო რეკომენდაციების გაცემა

ამ ნაწილში შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ იმ მეტრიკებსა და კამპანიებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეებისა და აუდიტორიისთვის. ასევე, მიმდინარე წლის შედეგების საფუძველზე, სამომავლო ბიზნესაქტივობების შესახებ რეკომენდაციები უნდა გავცეთ.

რჩევები დიზაინის შესახებ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარგი ვიზუალური გაფორმება მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყოფაში გვეხმარება და აუდიტორიის ყურადღებას საკვანძო საკითხებისკენ მიმართავს. გრაფიკებთან და სხვადასხვა სქემასთან ერთად, ფერებს, ტექსტის სიდიდესა და სხვადასხვა შრიფტსაც დიდი დატვირთვა აქვს – დიდი, ფერადი მონაცემები უფრო მარტივად აღქმადია. თუმცა, ცხადია, ბალანსი უნდა დავიცვათ, რათა აუდიტორიის მთელი ფოკუსი დიზაინზე არ გადავიდეს. ვიზუალური ელემენტები აუცილებელია, მაგრამ ბევრი ფერი და გრაფიკული გამოსახულება ჩვენ მიერ წარდგენილ მონაცემებს დაჩრდილავს. სწორედ ამიტომ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ დიზაინის ნაწილი მხოლოდ წარმატების უკეთ დემონსტრირებისთვისაა და არა ანგარიშის გარეგნული მხარის გაუმჯობესებისთვის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post