fbpx

Razorpay-მ 375 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

razorpay

Razorpay-მ 375 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

ინდოეთში დაფუძნებულმა ფინტექ სტარტაპმა Razorpay დაფინანსების F სერიაში 375 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

ამით კომპანიის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით ორჯერ გაიზარდა და 7.5 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

რაუნდს Lone Pine Capital, Alkeon Capital და TCV უძღვებოდნენ. მასში ასევე მონაწილეობდნენ სტარტაპის უკვე არსებული ინვესტორები Tiger Global, Sequoia Capital India, GIC და Y Combinator. აღსანიშნია, რომ F სერიაში მოზიდულმა ინვესტიციამ Razorpay-ის მიერ ამ დრომდე მიღებული დაფინანსებების ჯამს გადააჭარბა.

ინდოეთის ციფრული გადახდების სწრაფად მზარდ ბაზარზე ონლაინგადახდების წამყვანი კომპანია Razorpay ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ის მერჩანტებს გადახდების, ბანკინგისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო არჩევანსა და განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს. მოხარული ვართ გუნდთან თანამშრომლობით, – აღნიშნა Alkeon Capital-ის გენერალურმა პარტნიორმა, დიპაკ რავიჩანდრანმა განცხადებაში.

სტარტაპის შესახებ

კომპანია ჰარშილ მათურმა და შაშანკ კუმარმა 2013 წელს დააფუძნეს. Razorpay-ის განცხადებით, ამ წლების განმავლობაში ის 8 მილიონზე მეტ ბიზნესს მოემსახურა. მათ შორის იყვნენ Facebook, Swiggy, Cred, National Pension System და Indian Oil. ამის გარდა, იმ 42 სტარტაპიდან, რომლებიც წელს ინდოეთში Unicorn-ის სტატუსი მოიპოვეს, 34 Razorpay-ს იყენებს.

როდესაც კომპანიას წამოიწყებთ და Razorpay-ში დარეგისტრირდებით, მრავალი ინსტრუმენტის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. ფინანსური მიმართულებით ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, – აღნიშნავს ჰარშილ მათური.

სტარტაპი ყოველწლიურად 60 მილიარდი აშშ დოლარის ტრანზაქციას ამუშავებს. აღსანიშნია, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში შესამჩნევად გაიზარდა –  ის 2019 წელს 5 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

სამომავლო გეგმები

მიღებული ინვესტიციით სტარტაპი პროდუქტის შეთავაზებების გაფართოებაზე აპირებს ფოკუსირებას. ამის გარდა, კომპანია 600-ზე მეტი ადამიანის დაქირავებას გეგმავს, რათა ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მეტად გაფართოვდეს.

Razorpay ასევე IPO-სთვის მზადებასაც დაიწყებს. თუმცა, მათურის თქმით, მინიმუმ ორ-ნახევარი წლის განმავლობაში კომპანია საჯარო ბაზრების შესწავლას არ განიხილავს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post