Amex-ის პირველი კრიპტო პროდუქტი – Abra Crypto Card
American Express კრიპტოვალუტის პლატფორმა Abra-სთან თანამშრომლობით, თავის პირველ კრიპტო პროდუქტს სახელწოდებით Abra Crypto Card გამოუშვებს. საკრედიტო ბარათი ბაზარზე სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება.
Abra Crypto Card მომხმარებლებს, რომლებიც ტრანზაქციებს აშშ დოლარში ახორციელებენ, შესაძლებლობას მისცემს, რომ ნებისმიერი შესყიდვისას (მიუხედავად მისი ოდენობისა და კატეგორიისა) კრიპტოვალუტა ჯილდოს სახით, Amex ქსელის საშუალებით მიიღონ.
Abra-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბილ ბარჰაიტის თქმით, მომხმარებლებს ჯილდოს მიღება Abra-ის ERC-20 Crypto Perx (CPRX) ტოკენის ან სხვა ციფრული ვალუტის სახით შეეძლებათ. ამის გარდა, მათ Amex-ის ქსელში არსებულ სხვადასხვა სარგებელზე ექნებათ წვდომა, მათ შორის, ტრადიციულ შემოთავაზებებზე საყიდლების, მოგზაურობისა და სხვა სერვისების ირგვლივ. აქვე აღსანიშნია, რომ ბარჰაიტის განცხადებით, ბარათის მფლობელები, რომლებიც ჯილდოს CPRX-ში აღებას გადაწყვეტენ, გარკვეულ სარგებელს მიიღებენ.
კრიპტო ჯილდოები იქნება ვაჭრობადი და მათი გადაცვლა Abra-ის მიერ მხარდაჭერილ 100-ზე მეტ სხვადასხვა ციფრულ ვალუტაზე ყოველწლიური ან ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნია, რომ Amex-ისგან აღნიშნული სიახლე მოსალოდნელი იყო, რადგანაც ამ ტიპის საკრედიტო ბარათი მისმა კონკურენტებმა უკვე გამოუშვეს. კერძოდ, ისინი Visa-ისა და BlockFi-ის, ასევე Mastercard-ისა და Gemini-ის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. ამასთანავე, მსგავს პროდუქტს მომხმარებლებს ფინტექ კომპანიები Brex, Venmo და SoFi-იც სთავაზობენ.
სავარაუდოდ, Abra Crypto Card კომპანიის მიერ შემოთავაზებული კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სხვა პროდუქტების წინამორბედი იქნება.
American Express-ის ქსელის შესაძლებლობებს მრავალი წელია, რაც ვაუმჯობესებთ და შედეგად, მზად ვართ, ამ პლატფორმაზე ინოვაციური შემოთავაზებები ჩამოვუშვათ. ეს სიახლე არის Abra-ს პლატფორმაზე არსებული პირველი პროდუქტი, რომლის შესახებაც ვაცხადებთ, – აღნიშნა American Express-ის გლობალური ქსელის სერვისების პრეზიდენტმა მოჰამედ ბადიმ.