fbpx

რა მიმართულებებს მოიცავს ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგი

რა მიმართულებებს მოიცავს ციფრული მარკეტინგი?

ჩვენ უკვე გიამბეთ იმის შესახებ, თუ რა არის ციფრული მარკეტინგი და რატომაა დღეს ის აქტუალური. ახლა კი დადგა დრო, მის მიმართულებებზე გიამბოთ, რომელთა მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, ინფორმაცია ეფექტურად გავავრცელოთ სოციალურ არხებში და მივიღოთ სასურველი შედეგი. ზოგადად, ციფრული მარკეტინგი მოიცავს ციფრული შეხების წერტილების მასიურ ქსელს, რომლებთანაც მომხმარებლებს დღის განმავლობაში ხშირად აქვთ ურთიერთობა. ამ არხების სწორად გამოსაყენებლად, თქვენ უნდა გესმოდეთ თითოეული მათგანი.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, ანუ SEO, ტექნიკურად მარკეტინგული ინსტრუმენტია და არა თავისთავად მარკეტინგის ფორმა. ხშირად მას განსაზღვრავენ, როგორც „მეცნიერება და ხელოვნება, რომელიც საძიებო სისტემებისთვის ვებგვერდს მიმზიდველს ხდის.” რეალურად, SEO მართლაც არის მეცნიერება, რადგან ის გავრცელების სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორების აქტიურ კვლევასა და აწონ-დაწონვას მოითხოვს, რათა სოციალურ არხებში მაქსიმალურ რეიტინგს მიაღწიოთ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებიც გასათვალისწინებელია ვებ გვერდის ოპტიმიზაციისთვის მოიცავს:

  • კონტენტის ხარისხს;
  • მომხმარებლის ჩართულობის დონეს;
  • შიდა ბმულების რაოდენობასა და ხარისხს;

ამ ფაქტორების სტრატეგიული გამოყენება SEO-ს ნამდვილად აქცევს მეცნიერებად.

კონტენტ მარკეტინგი

SEO არის მთავარი ფაქტორი კონტენტ მარკეტინგში. ესაა სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია რელევანტური და ღირებული კონტენტის სამიზნე აუდიტორიისთვის მიწოდებაზე. როგორც ნებისმიერ მარკეტინგულ სტრატეგიაში, კონტენტ მარკეტინგის მიზანია, მოიზიდოს ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ გარდაიქმნებიან მომხმარებლებად. მაგრამ ის ამას ტრადიციული რეკლამისგან განსხვავებულად აკეთებს. პროდუქტის ან სერვისის პირდაპირი შეთავაზების ნაცვლად, კონტენტ მარკეტინგი ირიბად, წერილობითი მასალის სახით აწვდის აუდიტორიას ინფორმაციას ამავე პროდუქტსა თუ სერვისზე.

აუცილებელია, კონტენტ მარკეტინგის ავტორებმა საძიებო სისტემის შედეგებში მაღალი რანგი დაიკავონ, რათა ადამიანებმა წაიკითხონ მიწოდებული მასალა, გააზიარონ ის და ბრენდთან ურთიერთობა დაამყარონ.

სოციალური მედიის მარკეტინგი

სოციალური მედიის მარკეტინგი ნიშნავს ბრენდის ცნობადობის გაზრდას ონლაინ დისკუსიაში ხალხის ჩართვით. სოციალური მედიის მარკეტინგის ყველაზე პოპულარული პლატფორმებია: Facebook, Twitter, Instagram, LinkedIn და YouTube.

იმის გამო, რომ სოციალური მედიის მარკეტინგი მოიცავს აუდიტორიის აქტიურ მონაწილეობას, ის ციფრულ მარკეტინგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყო გახდა ინფორმაციის გასავრცელებლად. სოციალური მედიის მარკეტინგი ეფექტურია იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად მიაღწევთ თქვენს აუდიტორიას. შესაბამისად, თქვენ გეძლევათ საშუალება, გადაწყვიტოთ, რომელი ტიპის ინტერაქციას ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას და რა მიმართულებით უნდა წაიყვანოთ თქვენი კონტენტი.

აუდიტორიის მხრიდან პროდუქტის პირდაპირ შეძენა შეიძლება არც იყოს თქვენი სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიის მიზანი. ბევრი ბრენდი სოციალური მედიის მარკეტინგს აუდიტორიასთან დიალოგის დასაწყებად იყენებს და არა ფულის დაუყოვნებლივ დახარჯვის წასახალისებლად. ეს განსაკუთრებით ხშირია ბრენდებში, რომელთა სამიზნეც ხანდაზმული აუდიტორიაა ან გვთავაზობს პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც არ არის შესაფერისი იმპულსური შესყიდვებისთვის.

Email მარკეტინგი

ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ციფრულ მარკეტინგში ელფოსტა კვლავ არის ყველაზე სწრაფი და პირდაპირი გზა კლიენტებთან ურთიერთობისთვის. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ საჭიროა, თქვენი ელფოსტის კამპანიები მიმზიდველი და ორიგინალური იყოს, რათა მომხმარებელთა შემოსულ შეტყობინებებში უბრალოდ არ ჩაიკარგოს თქვენი მესიჯი. წარმატების მისაღწევად, თქვენი მარკეტინგული ელ.წერილი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე ძირითად მოთხოვნას: ისინი უნდა იყოს სანდო, რელევანტური, თხრობითი და სტრატეგიული.

მობაილ მარკეტინგი

მობილურები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანს ხდის მობაილ მარკეტინგს. ცნობილი ფაქტია, რომ მომხმარებელთა ორ მესამედს შეუძლია გაიხსენოს კონკრეტული ბრენდი, რომლის შეტყობინებაც მათ ტელეფონზე მოუვიდათ. SMS, MMS და აპლიკაციების შიდა მარკეტინგი ის ხერხებია, რომლებიც თქვენს კლიენტებამდე გაგიკვალავთ გზას მათი მობილურების მეშვეობით. თუმცა, მხოლოდ ეს გზა არ კმარა და ეფექტური კომუნიკაციისთვის ზემოხსენებული ხერხების გამოყენებაც დაგჭირდებათ.

მარკეტინგის ავტომატიზაცია

მარკეტინგის ავტომატიზაცია არის მუდმივი გაუმჯობესების პროცესი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ ადამიანური რესურსი და მარკეტინგული ამოცანების შესრულება, რომელიც ექვემდებარება ავტომატიზაციას გადააბაროთ ციფრულ ხელსაწყოებს.

აქედან გამომდინარე მარკეტინგული ავტომატიზაცის უმთავრესი ამოცანაა სწორად და გამართულად მომუშავე სისტემების შექმნა, რომელიც ჩვენი შემუშავებული ლოგიკით შეძლებს თავად აწარმოოს განმეორებადი მარკეტინგული კამპანიები. მარკეტინგული ავტომატიზაციის სისტემების შექმნისასმნიშვნელოვანია კამპანიები იყოს მაქსიმალურად პერსონიფიცირებული და მინიმალურად სტანდარტული.

მარკეტინგული ავტომატიზაციის მეორე ძირითადი მიზანი სხვადასხვა მარკეტინგული არხებიდან მიღებული დიდი რაოდენობით მარკეტინგული ინფორმაციის ერთ სივრცეში გაერთიანება და აქედან გამომდინარე ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.

Paid Search (PPC) მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის ეს მიმართულება მოიცავს საძიებო სისტემებში ფასიან რეკლამებს და არის ციფრული მარკეტინგის მოკლევადიანი ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი აღარ გადაიხდით თანხას, რეკლამა აღარ იარსებებს. SEO-ს მსგავსად, Paid search არის პოტენციური მომხმარებლებისა და ბრენდის ვებგვერდზე შემომსვლელი ადამიანების რაოდენობის გაზრდის გზა. მასში უმეტესწილად მოიაზრებენ Google AdWords კამპანიებს.

მას მეორენაირად ეძახიან Pay-Per-Click (PPC)-ს რადგან მსგავსი საძიებო სარეკლამო კამპანიების განხორციელებისას მოქმედებს PPC გადახდის მეთოდი. PPC გადახდის მეთოდი გულისხმობს, რომ თქვენ იხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმე დააჭერს თქვენს რეკლამას და მოხვდება თქვენს ვებსაიტზე. თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ ნებისმიერი რაოდენობის თანხა თითო დაწკაპუნებაზე. რა ღირს რეკლამის გაშვება, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია კონკურენცია თქვენს საკვანძო სიტყვებზე. მაღალი კონკურენციის საკვანძო სიტყვები (მაგ. საკვანძო სიტყვები, რომლებსაც ბევრი ადამიანი ეძებს და რომელთა ძებნასაც ბევრი საიტი ცდილობს) იქნება უფრო ძვირი.

ციფრულ მარკეტინგში ინფორმაციის გავრცელების კიდევ მრავალი გზა არსებობს, თუმცა, როგორც წესი, მარკეტინგის ეს ფორმა, ძირითადად, ამ მიმართულებებზე დგას. ზემოხსენებულ მარკეტინგულ გზებზე სულ ცალ-ცალკე და უფრო ვრცლად სულ მალე მოგითხრობთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post