fbpx

ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების მნიშვნელობა

ელექტრონული ჩანაწერების

ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების მნიშვნელობა

ასწლეულების განმავლობაში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ფურცლებზე, ფიზიკური ანკეტებისა და სხვა დოკუმენტების სახით ინახებოდა. 1960-იან წლებში კი, ამ ტიპის ჩანაწერების შექმნისა და მართვის მიმართულებით უდიდესი გარღვევა მოხდა – პირველი EHR (ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა) გამოჩნდა. მართალია, სამედიცინო სფეროში მის ფართოდ გავრცელებასა და დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას დამატებით კიდევ რამდენიმე ათწლეული დასჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, თანამედროვე ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მივიღეთ.

 

ინფორმაციაზე სწრაფი წვდომა ერთ სივრცეში, ხარჯებისა და დროის დაზოგვა, გაუმჯობესებული მომსახურება, სამედიცინო შეცდომების დაშვების ალბათობის შემცირება, უკეთ დაგეგმილი მკურნალობა, პაციენტთა გაზრდილი კმაყოფილება – ეს იმ სარგებელთა მცირე ჩამონათვალია, რომელთაც EHR უზრუნველყოფს.

და მაინც, რას მოიცავს EHR სისტემა და რა სარგებელი მოაქვს მას როგორც ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებისთვის, ასევე მიმღებებისთვის?

რა არის EHR?

EHR-ში იგულისხმება პაციენტების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ციფრული ვერსია, რომელიც მოიცავს სამედიცინო პერსონალისა და შესაბამისი დაწესებულებების მიერ შეგროვებულ და დამუშავებულ მონაცემებს. EHR სისტემის ფარგლებში, ჯანდაცვის მომსახურების სხვადასხვა პროვაიდერის მიერ მოგროვებულ ინფორმაციას ერთ სივრცეში ეყრება თავი. მასში გვხვდება პაციენტების დემოგრაფიული ინფორმაცია; მათი სამედიცინო ჩივილების, ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდებისა და მიღებული მკურნალობების ჩამონათვალი, ლაბორატორიული კვლევების შედეგები და სხვა.

აღსანიშნია, რომ EHR სისტემის ეტაპობრივი დანერგვა საქართველოში 2019 წლიდან დაიწყო. „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის ბრძანების თანახმად, ,,2020 წლის 1 იანვრიდან ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება (გარდა ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი დერმატოკოსმეტოლოგიური სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლებისა) ვალდებულია, ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში’’.

EHR-თან ერთად, აუცილებელია განვმარტოთ EMR-ის მნიშვნელობაც, რადგან ეს ორი სისტემა ერთობლივად მუშაობს. ზემოთ აღნიშნული ბრძანების თანახმად, EMR, იგივე ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა, არის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე უფლებამოსილი პირების მიერ პაციენტის შესახებ წარმოებული სამედიცინო ჩანაწერები და იგი ეკუთვნის კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას.

ვინ იყენებს სისტემას?

პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ შესაბამის პირებს – ჯანდაცვის მომსახურების პროვაიდერებსა და მის მიმღებებს აქვთ.

პროვაიდერი

EHR-ის შექმნის მთავარი მიზანი ჯანდაცვის პროვაიდერების დროის დაზოგვა და საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება იყო. ექიმები ამ სისტემას პაციენტის მიერ გადატანილი დაავადებებისა და ქირურგიული ჩარევების, ასევე სხვადასხვა სპეციალისტისგან მიღებული დანიშნულებების სანახავად იყენებენ.

მას შემდეგ, რაც ექიმი EMR სისტემაში ინფორმაციას დაამატებს, განსაზღვრული დროის შემდეგ, იგი მონაცემებს EHR სისტემაში გადასცემს. ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეყვანილი ინფორმაცია კი ამ სისტემაში ავტორიზებული ყველა ექიმისთვის ხილულია.

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის ბრძანების თანახმად, ექიმი უფლებამოსილია, პაციენტის შესახებ ყველა ხილული ეპიზოდიდან გაეცნოს და შესაბამისი მიზნებისთვის გამოიყენოს ინფორმაცია. თუმცა, EMR სისტემაში მხოლოდ ცხოვრების ანამნეზის ჩამოტვირთვა და შენახვა შეუძლია.

პაციენტი

ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამედიცინო სპეციალისტებთან ვიზიტის, მიღებული მკურნალობებისა და სხვადასხვა დიაგნოზის შესახებ მონაცემები, ცხადია, პაციენტებსაც შეუძლიათ. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული ბრძანების მიხედვით, EHR სისტემაში რეგისტრირებულ პაციენტს უფლება აქვს, რომ მისთვის განკუთვნილი გვერდის საშუალებით ეპიზოდის ან ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაფაროს კიდეც.

ზოგიერთი სისტემა ჯანდაცვის შესახებ საგანმანათლებლო მასალებსაც მოიცავს, რათა პაციენტებმა საკუთარი ჯანმრთელობის მართვასთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

ბლოკჩეინი სამედიცინო სფეროში

ბლოკჩეინი

სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში “ბლოკჩეინი” ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტერმინია. მარტივად რომ ვთქვათ, ბლოკჩეინს აქვს პოტენციალი, ჯანდაცვის სფეროში რევოლუცია მოახდინოს. თუმცა, საინტერესოა, მაინც როგორ იყენებს ჯანდაცვის ინდუსტრია უახლესი ტექნოლოგიის ამ დიდ შესაძლებლობებს?

EHR-ის სარგებელი

ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული სისტემა ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც პაციენტთან ერთად იზრდება და ჯანდაცვის სექტორისთვის ერთ-ერთ სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტად მიიჩნევა. რატომ?

ინფორმაციაზე წვდომა

გასული ასწლეულების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში დამკვიდრებული ფიზიკური ანკეტებისა და სხვადასხვა დოკუმენტისგან განსხვავებით, ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე ადამიანს მონაცემების ერთდროულად ხილვის საშუალებას აძლევს. თანაც, მათ სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა – როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩანაწერებზე წვდომა აქვთ როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ უფლებამოსილ პირებს, ასევე პაციენტებს.

დროისა და რესურსის დაზოგვა

თუ ადრე პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ხელმისაწვდომი სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად თაბახის ფურცლებით სავსე არქივში მნიშვნელოვანი დროის დახარჯვა იყო საჭირო, ელექტრონული ჩანაწერების წყალობით, ახლა მონაცემებზე წვდომის მიღება სულ რამდენიმე დაწკაპებით არის შესაძლებელი. ეს კი, ცხადია, იმ დროისა და რესურსების დაზოგვის მნიშვნელოვანი გზაა, რომლებსაც სამედიცინო პერსონალი უკვე ერთის ნაცვლად, რამდენიმე პაციენტზე გადაანაწილებს.

ფულის დაზოგვა

დროის დაზოგვა ჯანდაცვის პროვაიდერი ორგანიზაციისთვის თანხის დაზოგვასაც ნიშნავს, რადგანაც სამედიცინო პერსონალი ერთ დღეში მეტ პაციენტს ემსახურება. გარდა ამისა, ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების არსებობის გამო, კლინიკებს აღარ სჭირდებათ დამატებით იმ ადამიანების დაქირავება, რომლებიც პაციენტების ჯანმრთელობაზე არსებული ჩანაწერების მართვის მიმართულებით იმუშავებენ.

უკეთესი სამედიცინო გადაწყვეტილებების უზრუნველყოფა

იქიდან გამომდინარე, რომ EHR-ში პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და წარსულში გადატანილი დაავადებებისა თუ ქირურგიული ჩარევების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის მყისიერად ხელმისაწვდომია, მკურნალ ექიმებს ფართო სურათის დანახვისა და, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, უკეთესი სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

პაციენტზე ზრუნვის გაუმჯობესებული კოორდინაცია

ადამიანები ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელ ადგილებსა და ჯანდაცვის პროვაიდერ ორგანიზაციებს საკმაოდ ხშირად იცვლიან. ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების წყალობით კი, მათ აღარ უწევთ იმაზე დარდი, რომ მათ შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი თუნდაც სხვა ქალაქში მდებარე კლინიკაში მომუშავე პერსონალისთვის.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post