fbpx

ფსიქიკური ჯანმრთელობის ტექნოლოგიები – დიდი ბრიტანეთის მაგალითი

ფსიქიკური ჯანმრთელობის

ფსიქიკური ჯანმრთელობის ტექნოლოგიები – დიდი ბრიტანეთის მაგალითი

დიდ ბრიტანეთში ოთხიდან ერთ, ანუ დაახლოებით 17 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია. ხოლო ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდის შეფასებით, 2030 წლისთვის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 2 მილიონზე მეტ ადამიანს ექნება.

 

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მასშტაბი საკმაოდ დიდია, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა კი, ხშირად – შეზღუდული. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია სამედიცინო ტექნოლოგიებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით მომსახურების განვითარებასა და პაციენტებისთვის უფრო მოსახერხებელი გარემოს შექმნის კუთხით.

დაუკმაყოფილებელ კლინიკურ საჭიროებებზე ფოკუსირება

2016 წელს ჯერემი ჰანტმა, გაერთიანებული სამეფოს მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, განაცხადა, რომ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) ყველაზე დიდი სისუსტე იყო. თუმცა, საქმე მხოლოდ ბავშვებს არ ეხება, ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაციამ Mind 42 რეგიონში კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ინგლისის მასშტაბით, მენტალური ჯანმრთელობის სფეროში ჩადებული ინვესტიციები რეგიონებს შორის მნიშვნელოვნად (ზოგან ორმაგად) განსხვავდებოდა. აღსანიშნია ისიც, რომ 2018-2019 წლებში, 122 000-ზე მეტ ფსიქიატრიულ პაციენტს თავდაპირველი ვიზიტის შემდეგ, 8 კვირაზე დიდხნიან მოლოდინის სიაში უხდებოდა ყოფნა იმისათვის, რომ მკურნალ ექიმთან შემდგომ შეხვედრაზე მისულიყო. ეს კი ზოგიერთი პაციენტისთვის, გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება დამღუპველი იყოს.

ხანგრძლივი მოლოდინის რეჟიმში მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად, აპლიკაცია myGP მომხმარებლებს სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს სთავაზობს. მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ კონკრეტულ მედიკამენტებს, განმეორებითი ონლაინრეცეპტის მიღება შეუძლიათ; ასევე, მათ შესაძლებლობა აქვთ, ექიმთან ვიზიტი დაჯავშნონ ან მიიღონ ვიდეოკონსულტაცია, თუ ფიზიკური შეხვედრა არ სურთ. აპლიკაციის მეშვეობით, ვიზიტების ეფექტურად დაგეგმვაა შესაძლებელი, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, რომლებშიც მაღალი კლინიკური საჭიროებაა. myGP-ში ასევე მკურნალობის ციფრული ალტერნატივებია ხელმისაწვდომი, რათა მსუბუქი და მართვადი შემთხვევები ლოდინის სიებში აღარ დარჩეს და ადგილები უფრო მძიმე პაციენტებისთვის გათავისუფლდეს.

აპლიკაციის დახმარებით ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა ისეთ ადამიანებსაც აქვთ, რომელთაც ამგვარი მომსახურება მანამდე შეზღუდულად (ან საერთოდ არ) მიეწოდებოდათ. აქ შესაძლოა ვიგულისხმოთ ძნელად მისადგომი თემები; გეოგრაფიულად არახელსაყრელი ტერიტორიები; ხანდაზმულები და ა.შ.

რა არის HealthTech?

HealthTech

HealthTech, იგივე Health Technology არის ტერმინი, რომელიც ჯანდაცვის სფეროსა და ტექნოლოგიების კვეთაზე ნათლად მიგვითითებს. თუმცა, მიუხედავად სიცხადისა, მისი ზუსტი და მასშტაბურად შეთანხმებული განმარტება დადგენილი ჯერაც არ არის.

ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

ციფრული თერაპია და სხვა ონლაინრესურსები ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და საზოგადოების წევრების დასახმარებლად, შესაძლოა, ეფექტური საშუალებები იყოს. NHS-ის თანახმად, ამ ნაწილში შეიძლება ვიგულისხმოთ სასაუბრო თერაპია, ფსიქოგანათლება და სხვა ადამიანების მხარდაჭერა.

მაგალითად, Big White Wall-ის დახმარებით, ადამიანებს მხარდაჭერის მიღება 24/7-ზე შეუძლიათ. მომხმარებლებს საშუალება აქვთ, რომ თავიანთი გამოცდილება ანონიმურად გააზიარონ და ჯგუფური მხარდაჭერის (მათ შორის, შფოთვისა და დეპრესიის მართვის, პოზიტიური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის) კურსებზე მიიღონ წვდომა. ამის გარდა, მათ წვდომა აქვთ დამოუკიდებლად შესავსებ კლინიკურ ტესტებზე. აპლიკაციის სტატისტიკის თანახმად, სერვისის პირველი გამოყენებისას, მომხმარებელთა 95% თავს უკეთ გრძნობდა და მათი 73% საკუთარ პრობლემას აზიარებდა.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post