fbpx

Instagram-ზე NFT-ების განთავსება ხდება შესაძლებელი

NFT-ების

Instagram-ზე NFT-ების განთავსება ხდება შესაძლებელი

2 თვის წინ, South By Southwest-ში გამართულ სესიაზე მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ  რამდენიმე თვეში მომხმარებლები Instagram-ზე NFT-ების განთავსებას შეძლებდნენ. ეს დღეც საკმაოდ მალე დადგა – მიმდინარე კვირიდან, მცირე მასშტაბის ტესტირების ფარგლებში, სოციალურ პლატფორმასთან ციფრული საფულეების დაკავშირება და საკოლექციო მასალების გაზიარება ხდება შესაძლებელი. აღსანიშნია, რომ კომპანია NFT-ების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ არანაირ გადასახადს არ აწესებს.

ყველაფერი NFT-ის შესახებ

NFT

NFT იშიფრება, როგორც Non-fungible Token – სიტყვა Non-fungible კი მის უნიკალურობას აღნიშნავს, ანუ მას ვერაფრით ჩაანაცვლებთ. უფრო გასაგები რომ იყოს, ყველასათვის ცნობილი ბიტკოინი არის Fungible – ერთ ბიტკოინს თუ მეორეზე გადაცვლით, ისევ იმავეს მიიღებთ. NFT-ის შემთხვევაში ასე არ ხდება.

,,ჩვენ ვიწყებთ ტესტირებას ამერიკელ შემქმნელებთან და კოლექციონერებთან, რომლებიც მათ მიერ შექმნილი ან შეძენილი NFT-ების Instagram-ზე გაზიარებას შეძლებენ. ახალი ფუნქცია მოიცავს:

• ციფრული საფულის დაკავშირებას – დაკავშირების შემდეგ, შემქმნელები და კოლექციონერები თავიანთი ციფრული საფულეებიდან სასურველი NFT-ების არჩევას შეძლებენ.

• ციფრული საკოლექციო მასალების გაზიარებას – როდესაც შემქმნელი ან კოლექციონერი მასალას გამოაქვეყნებს, მას მბზინავი ეფექტი ექნება და შეიძლება თან დაერთოს საჯარო ინფორმაცია, მაგალითად NFT-ის აღწერა.  

• როგორც შემქმნელის, ასევე კოლექციონერის ავტომატურ მონიშვნას – შემქმნელი და კოლექციონერი (მათი კონფიდენციალურობის პარამეტრების მიხედვით) შესაძლოა ავტომატურად მოინიშნონ ციფრული საკოლექციო მასალის შემცველ პოსტში’’, – აცხადებს კომპანია.

Instagram-ის თქმით, პლატფორმას თავდაპირველად Ethereum და Polygon ბლოკჩეინების მხარდაჭერა ექნება, შემდგომში კი Flow და Solana დაემატება. რაც შეეხება ციფრულ საფულეებს, სოციალურ ქსელთან Rainbow, MetaMask და Trust Wallet იქნება თავსებადი, შემდეგ ეტაპზე კი Coinbase Wallet-ის, Dapper-ისა და Phantom-ის გამოყენებაც შესაძლებელი გახდება.

Meta-ის გეგმები NFT-ების მხოლოდ ამ სახით და ამ პლატფორმაზე გაზიარებას არ მოიცავს – კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებს მალე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ციფრული საკოლექციო მასალები AR სტიკერების სახით Instagram Stories-ში გააზიარონ; ამის გარდა, Instagram-ის მსგავსი ფუნქციონალი მალე Facebook-ზეც გახდება ხელმისაწვდომი.

როგორც უკვე ვახსენეთ, ტესტირება მცირე მასშტაბით მიმდინარეობს – კომპანიის თქმით, ის ჯერ საზოგადოების უკუკავშირს ელოდება და სიახლეზე წვდომას შემდგომ გააფართოებს. ამ ეტაპზე, ტესტირების რეალურ მოქმედებაში დაკვირვება შესაძლებელია შემდეგ Instagram ანგარიშებზე: @adambombsquad@bluethegreat@bossbeautiesnft@c.syresmith@cynthiaerivo@garyvee@jenstark@justmaiko@maliha_z_art@misshattan@nopattern@oseanworld@paigebueckers@phiawilson@swopes და @yungjake.

nft-ებისაღსანიშნია, რომ Instagram არ არის პირველი პლატფორმა, რომელზეც NFT-ების განთავსებაა შესაძლებელი. მიმდინარე წლის დასაწყისში Twitter-ზე ექვსკუთხედის ფორმის პროფილის ჩარჩოში NFT-ების დაყენება გახდა შესაძლებელი. საინტერესოა, რომ ექვსკუთხედის ფორმა ჩანს ზემოთ მოცემული, Instagram-ზე განთავსებული ციფრული საკოლექციო მასალის მარცხენა კუთხეშიც.

ტესტირების დაწყების პერიოდიც საყურადღებოა – ბოლო პერიოდში, NFT-ების გაყიდვები, გასული წლის სექტემბრის პიკის შემდეგ შემცირებულია. ხოლო ისეთი ცნობილი პროექტების, როგორიცაა Bored Ape Yacht Club, ფასები იკლებს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post