fbpx

Spotify-ზე NFT-ის განთავსება ხდება შესაძლებელი

NFT-ის

Spotify-ზე NFT-ის განთავსება ხდება შესაძლებელი

Spotify ტესტავს ახალ ფუნქციას, რომლის ფარგლებშიც არტისტებს მუსიკალურ პლატფორმაზე თავიანთი NFT-ების განთავსების შესაძლებლობა ექნებათ. Spotify-ის თქმით, სიახლე ხელოვანების ძალიან მცირე ჯგუფისთვისა და აშშ-ში მცხოვრები ანდროიდის შერჩეული მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. არსებული ცნობებით, კომპანია NFT-ის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ არანაირ გადასახადს არ აწესებს.

„Spotify ატარებს ტესტს, რომელიც ხელოვანთა მცირე ჯგუფს თავიანთი შემსრულებლის პროფილების საშუალებით NFT-ების პოპულარიზაციაში დაეხმარება. ხელოვანებისა და მათი თაყვანისმცემლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად ტესტირებებს რეგულარულად ვატარებთ. ამ ტესტებიდან ზოგიერთი უფრო ფართო გამოცდილების დანერგვისკენ კვალავს გზას, ზოგი კი, მხოლოდ სწავლებას ემსახურება’’, – ამბობს Spotify-ის წარმომადგენელი.

ამიერიდან, ტესტირების მონაწილე მომხმარებლებს პლატფორმაზე ისეთი შემსრულებლების, როგორებიც არიან სტივ აოკი და The Wombats, NFT-ების ხილვის საშუალება ექნებათ. მათ შეეძლებათ, რომ ციფრული საკოლექციო მასალების მოკლე აღწერას გაეცნონ და შეძენის სურვილის შემთხვევაში, დააწკაპონ ღილაკს ,,მეტის ნახვა’’ (,,See More’’), რის შემდეგაც OpenSea-ზე გადამისამართდებიან. აღსანიშნია, რომ Spotify-ის არ აქვს ვიდეო და GIF ფორმატების მხარდაჭერა, ასევე შეუძლებელია NFT-ების მოსმენა – აპლიკაციაში საკოლექციო მასალების მხოლოდ სტატიკური გამოსახულებები ჩანს და მათი სრულად ნახვა OpenSea-ზე გადასვლის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამის გარდა, ამ ეტაპზე უცნობია, სიახლე მხოლოდ სტივ აოკისა და The Wombats-ისთვის არის ხელმისაწვდომი, თუ ტესტირებაში სხვა შემსრულებლებიც მონაწილეობენ.

NFT-ის

ტესტირებასთან ერთად, Spotify მომხმარებელთა გამოკითხვასაც ატარებს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ისინი NFT-ის ინტეგრაციასთან დაკავშირებით – ,,წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელსაც Spotify-ზე ყველაზე ხშირად უსმენთ, თავის ახალ ალბომს უშვებს და შეზღუდული რაოდენობით გამოცემული NFT-ების შეძენის საშუალება გაქვთ… რამდენად მოისურვებდით ამაში მონაწილეობას? რამდენად გაუზიარებდით ამას სხვებს? რამდენს გადაიხდიდით NFT-ში, თუ გეცოდინებოდათ, რომ ამით არტისტს დაუჭერდით მხარს? თუ იყიდდით, როგორ გამოიყენებდით მას?…’’ ეკითხება კომპანია მომხმარებლებს.

საინტერესოა, რომ აღნიშნული გამოკითხვისა და პლატფორმაზე NFT-ების გამოჩენის შესახებ მომხმარებელთა ნაწილმა სოციალურ ქსელში უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა – ,,…თუ NFT-ებს დაამატებენ, ეს კატასტროფა იქნება… თუ Spotify NFT-ების შექმნას დაიწყებს, გამოწერას გავაუქმებ…’’ – წერენ მომხმარებლები.

Spotify არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც თავის პლატფორმაზე NFT-ის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. გასულ კვირას Instagram-მა მცირე მასშტაბის ტესტირების ფარგლებში, სოციალურ პლატფორმასთან ციფრული საფულეების დაკავშირება და საკოლექციო მასალების გაზიარება გახადა შესაძლებელი. კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებს მალე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ციფრული საკოლექციო მასალები AR სტიკერების სახით Instagram Stories-ში გააზიარონ; ამის გარდა, Instagram-ის მსგავსი ფუნქციონალი მალე Facebook-ზეც გახდება ხელმისაწვდომი. ამის გარდა, მიმდინარე წლის დასაწყისში Twitter-ზე ექვსკუთხედის ფორმის პროფილის ჩარჩოში NFT-ების დაყენება გახდა შესაძლებელი.

Instagram-ზე NFT-ების განთავსება ხდება შესაძლებელი

NFT-ების

2 თვის წინ, South By Southwest-ში გამართულ სესიაზე მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ  რამდენიმე თვეში მომხმარებლები Instagram-ზე NFT-ების განთავსებას შეძლებდნენ. ეს დღეც საკმაოდ მალე დადგა.

კომპანიების მიერ ტესტირებების დაწყების პერიოდი საკმაოდ საყურადღებოა – The Wall Street Journal-ის თანახმად, 3 მაისის მდგომარეობით, NFT-ების გაყიდვები საშუალო დღიურ 19 000-ამდე დაეცა, რაც გასული წლის სექტემბერში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ნიშნულთან, 225 000-თან შედარებით, 92%-იანი ვარდნაა. ხოლო ისეთი ცნობილი პროექტების, როგორიცაა Bored Ape Yacht Club, ფასები იკლებს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post