fbpx

OpenSea-დან ასობით NFT მოიპარეს

OpenSea

OpenSea-დან ასობით NFT მოიპარეს

OpenSea-დან თავდამსხმელებმა ასობით NFT მოიპარეს. ბლოკჩეინის უსაფრთხოებისა და მონაცემთა ანალიზის კომპანიის, PeckShield-ის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, მომხმარებლებმა დაახლოებით $1,7 მილიონის ღირებულების 254 ტოკენი დაკარგეს. ცნობისთვის, თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაემთხვა OpenSea-ის ახალ, Wyvern სმარტ კონტრაქტის სისტემაზე გადასვლის პერიოდს, რომელიც 18 თებერვალს დაიწყო და 25 თებერვალს დასრულდება.

OpenSea საკითხის გამოძიებაზე უკვე მუშაობს და ამ ეტაპზე ვერ აზუსტებს, თუ რა გზით განხორციელდა შეტევა. თუმცა, გავრცელებული ვარაუდით, ციფრული აქტივების მფლობელები ფიშინგის მსხვერპლნი გახდნენ.

,,რამდენადაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს ფიშინგ შეტევა იყო და ის OpenSea-ის ვებსაიტთან არ იყო დაკავშირებული. 32-მა მომხმარებელმა, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მიერ გაგზავნილ მავნე პროგრამაში ხელი მოაწერა, რის შედეგადაც, მათი ზოგიერთი NFT მოიპარეს. ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ვებსაიტის საშუალებით მოტყუვდნენ მომხმარებლები’’, – აღნიშნავს Opensea-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დევინ ფინზერი.

მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა აქტივების დაკარგვა შეამჩნიეს, ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურნენ. მათი ნაწილი თვლის, რომ ფიშინგის მსხვერპლი არ ყოფილა და თავდამსხმელმა OpenSea-ის დაუცველობით ისარგებლა. ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებს, რომ OpenSea-ისგან ელექტრონული წერილი მიიღო, რომელიც ბმულს შეიცავდა. მისი თქმით, ის ბმულზე არ გადასულა და მხოლოდ დააწკაპა ბანერზე, რომელიც OpenSea-ზე გაჩნდა. ამის გამო, მომხმარებლები შიშობდნენ კიდეც, რომ თავად ვებსაიტი იყო გატეხილი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სავარაუდო სქემა წარადგინა. მისი ვარაუდით, შეტევის სამიზნეებმა ხელი მოაწერეს ცარიელ ჩეკს, რომელიც შემდგომ თავდამსხმელებმა სრულად შეავსეს და ასე მოიპარეს ციფრული აქტივები.

,,ყველა ტრანზაქცია გადავამოწმე და მათზე ხელმოწერებია იმ ადამიანებისა, რომელთაც NFT-ები დაკარგეს. ასე რომ, ვინც ამტკიცებს, რომ ფიშინგის მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ NFT დაკარგა, სამწუხაროდ, ცდება’’, – აღნიშნავს იგი.

საკითხის განხილვის შემდეგ, შეტევის შესახებ ტექნიკური შეჯამება მომხმარებლებს კომპანიის მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა, ნადავ ჰოლანდერმა მიაწოდა. მან უარყო იმის შესაძლებლობა, რომ თავდასხმა Wyvern 2.3 კონტრაქტის სისტემაზე გადასვლას უკავშირდებოდა. მისი თქმით, ხელმოწერები ამ პერიოდამდე გაფორმდა. ჰოლანდერმა ამასთანავე აღნიშნა, რომ 32 მომხმარებლის მფლობელობაში არსებული NFT-ების საკმაოდ მცირე დროში მოპარვა არა სისტემურ ხარვეზზე, არამედ მიზანმიმართულ შეტევაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, OpenSea არის პირველი და ყველაზე მსხვილი peer-to-peer პლატფორმა, რომელზეც NFT-ების ყიდვა-გაყიდვა არის შესაძლებელი. კომპანია 2017 წელს დევინ ფინზერმა და ალექს ატალამ დააფუძნეს. ინვესტიციის ბოლო რაუნდში მისმა ღირებულებამ $13.3 მილიარდს მიაღწია.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post