რატომ 500 Georgia? – პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები
დაახლოებით 1 კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ბანკს, GITA-სა და მსოფლიოში წამყვან გლობალურ აქსელერატორს, 500 Global-ს შორის დამატებით 4-წლიანი პარტნიორობა გაფორმდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 500 Global სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს.
როგორც უკვე ცნობილია, გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ, 500 Georgia-ს სახელით ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება. ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი კი, 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამის ახალი ნაკადის მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. თუმცა, რატომ უნდა მიიღონ სტარტაპებმა აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა? ამ შეკითხვაზე აქსელერაციის პროგრამის პირველი და მეორე ნაკადების გამარჯვებული სტარტაპების, Cardeal-ისა და Payze-ს დამფუძნებლები გვპასუხობენ.
რატომ 500 Georgia?
,,როდესაც გავიგეთ, რომ მსოფლიო დონის აქსელერატორი 500 Global საქართველოში შემოდიოდა, პროგრამაში მოხვედრა ჩვენს პრიორიტეტად იქცა. იმ დროისთვის, უკვე ვიყავით ბაზარზე გასული და ჩვენს მომხმარებელსაც ვიცნობდით, თუმცა არ გვქონდა ყველაზე მთავარი – ზრდის ტემპი. სწორედ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა პირველივე დღიდან და პროგრამის დასრულებისას უკვე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვქონდა მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პანდემიური კრიზისი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული’’, – იხსენებს Cardeal-ის თანადამფუძნებელი ზურა ბაკურიძე და დასძენს, რომ 500 Georgia მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული პროგრამა არ ყოფილა – ,,ცვლილება და გაუმჯობესება შეეხო თითქმის ყველა მიმართულებას – მარკეტინგს, გაყიდვებს, პროდუქტის განვითარებას, ინვესტიციებსა და სხვას’’.
ამავე საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას 500 Georgia-ს კიდევ ერთი გამარჯვებულის, ფინტექ სტარტაპ Payze-ს თანადამფუძნებელი კახა გელაშვილი – ,,დამწყები სტარტაპისთვისა და მისი დამფუძნებელი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ისეთი ცოდნის მიღება, რომელიც აქსელერატორების გარდა არსად მოიპოვება. აქ იგულისხმება ისეთი საკითხები, როგორებიცაა პროდუქტზე მუშაობის მეთოდოლოგია, მომავალი კლიენტებისთვის პროდუქტის სწორად წარდგენა, ინვესტორებთან ურთიერთობა და სხვა’’. ამასთანავე კახა აღნიშნავს, რომ პროგრამაში მოხვედრის სურვილი სტარტაპის დამფუძნებლებს 500 Georgia-ს პირველი ნაკადის დემო დღის პრეზენტაციების ყურების შემდეგ გაუჩნდათ.
შედეგები
რა მიიღეს 500 Georgia-სგან? როგორც ზურა ბაკურიძე ამბობს, Cardeal-ს მთავარი გაუმჯობესება პროდუქტის განვითარების კუთხით ჰქონდა – ,,მანამდე უკვე 2-ჯერ გვქონდა განახლება ჩაშვებული, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ. მესამე განახლება კი, რომელიც 500 Georgia-ს დროს გავუშვით, პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობასთან ძალიან ახლოს იყო. 2 კვირის თავზე უკვე თითქმის ყველა მეტრიკის მიმართულებით გვქონდა 30-40%-იანი გაუმჯობესება’’.
პროგრამაში Cardeal-ის მენტორი ნოტე იყო. მას სტარტაპის თემა და გუნდი თავიდანვე მოეწონა, ამიტომ ვებგვერდის გაუმჯობესებაზე მალევე დაიწყეს მუშაობა. ვებსაიტის განახლებიდან 1 კვირის თავზე კი, სტარტაპის დიდი პრობლემა – Bounce rate – 50%-ით შემცირდა. პლატფორმაზე შესვლისას, მომხმარებლები ღირებულების წინადადებით ხვდებოდნენ, თუ სად მოხვდნენ; რჩებოდნენ და აგრძელებდნენ პროცესს. ამასთანავე, Cardeal-მა კონვერსიის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაზარდა.
,,აქსელერაციის პროგრამა რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი. ჯერ არის თეორიული ნაწილი, შემდეგ პრაქტიკა და ბოლოს მეტრიკებზე გადადიხარ – უკვე ნასწავლი ციფრებში, რეალურ გამოყენებაში უნდა აჩვენო. ჩვენ ვნერვიულობდით, რომ ამისთვის ცუდი პერიოდი დაგვემთხვა. მართალია, პანდემიის პერიოდში Cardeal-ს სწორი პოზიციონირება ჰქონდა, თუმცა სოციალური ფონი მაინც მძიმე იყო ქვეყანაში. ავტომობილი კი არაა ისეთი რამ, რასაც პანდემიის დროს იყიდის ადამიანი. ამის მიუხედავად, მხოლოდ პროგრამის პერიოდში 300%-ით გავიზარდეთ’’, – აღნიშნავდა ჩვენთან ერთ-ერთ საუბარში ზურა.
რა ეტაპებს მოიცავს 500 Georgia აქსელერაციის პროგრამა?
წინა სტატიებში, ჩვენ მოგიყევით 500 Global-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პრე-აქსელერატორისა და ვენჩურული ფონდის შესახებ, რომელიც 2.7 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს. ამ სტატიაში კი გვინდა გიამბოთ 500 Global-ის პრე-აქსელერატორის, 500 Georgia-ს შესახებ, რომელიც უკვე მესამედ ტარდება.
რას ნიშნავს აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებულის სტატუსი? ამ საკითხზე საუბრისას, ორივე სტარტაპის დამფუძნებელი, ცხადია, განსხვავებულ მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, მათ პასუხებში ერთი საყურადღებო მსგავსება აღმოვაჩინეთ – სიტყვა ,,დასტური’’.
,,500 Global-ის აქსელერაციის გამარჯვებულის სტატუსი ჩვენთვის იყო დასტური იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვავითარებდით კომპანიას. ამის გარდა, PAYZE-ს ცნობადობა გაიზარდა, რამაც გაყიდვები გააუმჯობესა’’, – ამბობს კახა გელაშვილი.
,,მოკლედ რომ ვთქვათ, ეს უცხოელი ინვესტორების რადარებზე გამოსაჩენად კარგი საშუალებაა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სტარტაპებისთვის, რადგან დასავლეთში ჩვენ ბაზარს არ იცნობენ, ხოლო 500Global მათთვის უკვე მნიშვნელოვანი დასტურია, რომ განახორციელონ ინვესტიცია’’, – აღნიშნავს ზურა ბაკურიძე.
500 Global-ის შესახებ
500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია. იგი ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპების დამფუძნებლებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს.
2010 წელს დაარსების შემდგომ, ფირმამ მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც 81 ქვეყანაში ოპერირებად 2600-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენდნენ. მისი პორტფელი მოიცავს 45 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 130-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.
აქსელერატორი მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, რომლებშიც სტარტაპები სწრაფ განვითარებას შეძლებენ.
500 Global და საქართველო
ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. პირველად სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა.
2020-2021 წლების განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი, – CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs, – სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.