fbpx

როგორ ადაპტირდა უკრაინული სტარტაპი Reface ომის პირობებში

Reface

როგორ ადაპტირდა უკრაინული სტარტაპი Reface ომის პირობებში

24 თებერვალს, უკრაინის ბევრი სხვა მაცხოვრებლის მსგავსად, დიმა შვეცსაც აფეთქებების ხმაზე გაეღვიძა – ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, მის ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრნენ. საჰაერო თავდასხმის სირენების ხმის გაგების შემდეგ, შვეცი მეგობრებს, ოჯახსა და კოლეგებს დაუკავშირდა, რათა არსებულ ვითარებაში გარკვეულიყო. ,,პირველი ორი დღე ძალიან რთული იყო’’, – იხსენებს იგი The Verge-თან საუბრისას. სირთულე ახალ და შემზარავ რეალობასთან ადაპტაციის საჭიროება (უფრო კი, იძულება) იყო – დიმას და მისი გარშემომყოფების ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, თუმცა, ის აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. ამ უწყვეტობაში კი შვეცისთვის მისი სტარტაპის, სახელწოდებით Reface, ოპერირების გაგრძელება იგულისხმებოდა.

Reface (ყოფილი Doublicat), რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ტექნიკური გიგანტი არ არის, თუმცა 2020 წელს მისი აპლიკაციის ჩამოტვირთვების რაოდენობა 20 მილიონს უტოლდებოდა 100 ქვეყნის მასშტაბით. ცნობისთვის, სტარტაპი იყენებს მანქანურ სწავლებას და მომხმარებლების სახეებს მათი საყვარელი პერსონაჟების სახეებში სვამს. ანუ, ე.წ. დიფფეიქებს ქმნის ვიდეოებისა და GIF-ების სახით.

როგორც აღმასრულებელი დირექტორი, იგი კოლეგებთან საკომუნიკაციოდ განკუთვნილ Slack-ისა და Telegram-ის არხებში თვალს ადევნებდა, თუ როგორ მიემართებოდნენ მისი თანამშრომლები თავშესაფრებისა და სარდაფებისკენ. Reface-ში ერთ-ერთი დასაქმებული ქსენია მასლოვა პარასკევს, 25 თებერვალს, კიევის ცენტრში მდებარე ადგილობრივი მეტროსადგურისკენ წავიდა და ორშაბათამდე დაახლოებით 50 ადამიანთან ერთად აფარებდა თავს შენობას.

„ჩვენ გვქონდა საძილე ტომრები, თბილი ტანსაცმელი და ექსტრემალურ სიტუაციაში საჭირო სხვა ნივთები. სრული სიგიჟე იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი გვქონდა, არ ვიცოდით, შეგვეძლებოდა თუ არა ორშაბათს გარეთ გასვლა”, – იხსენებს მასლოვა.

დღეების გასვლასთან ერთად და საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველი შოკის ჩავლის შემდეგ, Reface-ის პერსონალმა სახლებიდან შორს გადაადგილება დაიწყო. ზოგი მეზობელი ქვეყნების საზღვრებისკენ გაემართა, ზოგიერთი მათგანი კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში (სადაც ბრძოლები ნაკლებად ინტენსიურია),  მეგობრებთან და ნათესავებთან წავიდა – ,,ომმა დაშორება გვაიძულა’’ – ამბობს შვეცი, რომელიც ახლა დასავლეთ უკრაინაში იმყოფება. აღსანიშნია, რომ Reface-ის გუნდის რამდენიმე წევრი უკრაინის თავდაცვის ძალებს შეუერთდა – ისინი მოხალისეობრივ სამუშაოს ასრულებენ, მაგალითად, უზრუნველყოფენ საკვებისა და საწვავის ტრანსპორტირებას, ასევე ამზადებენ მოლოტოვის კოქტეილებს.

როდესაც თანამშრომლებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ გუნდის წევრებს აცნობეს, შვეცმა დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა დახმარების გაწევა შეეძლო მის კომპანიას ომის პირობებში – ,,ჩვენს კოლეგებს ვუთხარით, რომ ახლა რეგულარული მუშაობის დრო არ იყო. ამის ნაცვლად, ჯანმრთელობისა და ქვეყნის თავისუფლებისთვის უნდა გვემუშავა’’, – ამბობს იგი.

შვეცი განმარტავს, რომ ქვეყნის დახმარების მიზნით გადადგმული პირველი ნაბიჯი აპლიკაციის რუსეთში პოპულარობის გამოყენება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის Reface-ის გუნდს თავშესაფრებიდან და სარდაფებიდან უხდებოდა მუშაობა, სოციალურ მედიაში გავრცელებული მასალების გამოყენებით, მათ დაიწყეს აწყობა ვიდეოსი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახავდა. ამასთან დაკავშირებით, ქსენია მასლოვა იხსენებს – ,,ზოგჯერ, რაიმე ამოცანის მიღების შემდეგ, რომელიმე კოლეგა საკომუნიკაციო არხზე წერდა – ‘’ბოდიში, სირენები ჩაირთო, თავშესაფარში უნდა წავიდე’’, ჩვენ კი ვპასუხობდით – ‘’კარგი, რა თქმა უნდა. უბრალოდ გვითხარი, ხარ თუ არა უსაფრთხოდ’’.

მას შემდეგ, რაც ვიდეო და მისი თანმხლები ტექსტი მომზადდა, Reface-ის გუნდმა აპლიკაციის მომხმარებლებთან 9 მილიონი push-შეტყობინება გაგზავნა (აქედან 2 მილიონი რუსეთის მასშტაბით), რითაც მათ მოუწოდა, შეერთებოდნენ საპროტესტო აქციებს და მხარი დაეჭირათ უკრაინისთვის. აი, ამგვარად ჩაერთო სტარტაპი საინფორმაციო ომში. Reface ამით არ შემოიფარგლა და აპლიკაციაში მოათავსა ბანერი, წარწერით ,,Ukraine Needs Your Support’’ („უკრაინას სჭირდება თქვენი მხარდაჭერა“), რომელიც მომხმარებელს შეწირულობის გაღებისკენ მოუწოდებს. ამის გარდა, აპლიკაციაში შექმნილი ყველა ვიდეო უკრაინის დროშითა და #StandWithUkraine ჰეშთეგით არის მონიშნული.

Reface-ის კომუნიკაციების მენეჯერი, დარია კრავეცი ამბობს, რომ გუნდის მთავარი მოტივაცია ტრადიციული საკომუნიკაციო არხების გვერდის ავლით, რუს მაყურებლებამდე მიღწევა იყო. ტვიტერისა და ფეისბუკის მოხმარება რუსეთში უკვე შეზღუდული იყო. სახელმწიფომ დიდი ძალისხმევა გასწია, რომ ომის შესახებ ახალი ამბები მოსახლეობამდე არ (ან სახეცვლილი) მისულიყო – ,,გვესმის, რომ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ წვდომა აქ არსებულ რეალურ ვითარებაზე, რადგან მათთან დამოუკიდებელი მედია დაბლოკილია. თუმცა, 5 მილიონი მომხმარებელი გვყავს [რუსეთში], 2 მილიონი push-შეტყობინება უკვე გავგზავნეთ და კვლავ ვაგრძელებთ ამ პროცესს. ამ შეტყობინებებში ჩვენ სიტუაციის ამსახველი კადრები დავამატეთ და ხალხს პროტესტის გამოხატვისკენ მოვუწოდეთ, რადგან მდგომარეობის შეცვლის  ერთადერთი გზა ესაა”, – ამბობს კრავეცი.

ცხადია, ამ ყველაფერთან ერთად, სტარტაპის მთავარი ფუნქცია (face-swapping) არ გამქრალა. მეტიც, Reface-მა უკვე არსებულ ვარსკვლავთა სიას ახალი პერსონაჟი, ვოლოდიმირ ზელენსკი დაამატა. ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია აპლიკაციის საშუალებით საკუთარი სახე უკრაინის პრეზიდენტის სახეზე მოათავსოს ვიდეოში, რომელშიც იგი ჯარისკაცებთან ერთად გადაადგილდება და ერს მიმართავს ფრაზით Слава Україні!’’ (დიდება უკრაინას!’’).

,,აპლიკაციის მთავარი გმირები ადრე ჯეკ ბეღურა, ჰალკი და რკინის კაცი იყვნენ. თუმცა, დღევანდელი გმირები ჩვენი ხალხია, ჩვენი შეიარაღებული ძალები და ჩვენი პრეზიდენტი ზელენსკი. მინდა აღვნიშნო, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ აპლიკაციით ამ ყველაფერს გავაკეთებდი’’, – ამბობს შვეცი.

ცხადია, უკრაინის ბევრი მაცხოვრებლის მსგავსად, Reface-ის გუნდი ადაპტირდა მათი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის რეალურ საფრთხესთან. მეტიც, სტარტაპში დასაქმებულები ამბობენ, რომ ამ ცვლილებამ მათ გაუჩინა საყოველთაოდ მნიშვნელოვანი მიზნის ქონის შეგრძნება. მასლოვას თქმით, ომის დროს ყველამ თავისი ნიშა უნდა იპოვოს – „თუ სამედიცინო გამოცდილება გაქვს, მიდიხარ და სამედიცინო დაწესებულებებს ეხმარები. ხოლო თუ კომუნიკაციის უნარი გაქვს, ცდილობ და ამგვარ ტექსტებს წერ. ჩვენ კი ახლა საბრძოლო მოედნის საკუთარი ნაწილი გვაქვს’’.

დაბოლოს, დიმა შვეცი აცხადებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, Reface გააგრძელებს ოპერირებას.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post