fbpx

წარმატებული ტრეიდინგი – 10 წესი

ტრეიდინგი

წარმატებული ტრეიდინგი – 10 წესი

ტრეიდინგი კონკურენტული და საკმაოდ დიდ რისკთან დაკავშირებული ბიზნესია. ხოლო იმისათვის, რომ ამ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოთ, ტრეიდინგის დაწყებამდე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგათ – შეიმუშაოთ გეგმა, შესაბამისი მიდგომები და ჩვევები, მოემზადოთ ფინანსურად თუ ემოციურად. ვაჭრობის დაწყების შემდეგ კი გააკონტროლოთ, რომ დასახულ მიზნებს მიყვებით.

და მაინც, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოგების მიღების მეტი შანსი გქონდეთ?

გეგმა

ტრეიდინგის ყოველგვარი გეგმის გარეშე დაწყება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ნამდვილად არ დაგაყენებთ. სანამ ამ საქმიანობას წამოიწყებთ, მნიშვნელოვანია, გარკვეული დრო იმის გარკვევას დაუთმოთ, თუ რისი მიღწევა გსურთ და ამის მიხედვით ჩამოაყალიბოთ სახელმძღვანელო წესები, რომლებიც მოგების მიღწევასა და რისკის მართვაში დაგეხმარებათ.

ტრეიდინგის გეგმაში, თქვენი მოკლე და გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროთ, თუ რა, რატომ, როდის და როგორ უნდა შეიძინოთ; როდის და როგორ უნდა დახუროთ დაკავებული პოზიციები; როგორ აპირებთ რისკის მართვას და ა.შ.

ტესტირება

გეგმა შეადგინეთ, თუმცა საიდან იცით, რომ ის წარმატებას მოგიტანთ? საბედნიეროდ, ტექნოლოგიების წყალობით, ფინანსების რეალურ გარისკვამდე, დასახული სტრატეგიის ეფექტურობის გადამოწმება შესაძლებელია. ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ნებისმიერ ტრეიდერს შეუძლია მის მიერ გაკეთებული პროგნოზის სიზუსტის დადგენა. ეს მიდგომა ცნობილია backtesting სახელწოდებით და ის ტრეიდერებს საშუალებას აძლევს გაიგონ, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია მათი გეგმა; რამდენად დადებით შედეგებს დებდა იგი ისტორიულად რეალურ ცხოვრებაში და მიღებული შედეგების მიხედვით გადაწყვიტონ, გამოიყენებენ თუ არა მას. Backtesting-ის მთელი არსი არის ის, რომ თუ რაიმე სტრატეგია წარსულში უშედეგო იყო, ის არც მომავალში იქნება წარმატების მომტანი.

ბიზნესი

ტრეიდინგი ბიზნესია – ის მოიცავს ხარჯებს, ზარალს, გაურკვევლობას, სტრესსა და რისკებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ წარმატებული ტრეიდერი გახდეთ, ამ საქმიანობას ისე უნდა მიუდგეთ, როგორც ბიზნესს და არა – ჰობის ან სამუშაოს. თუ მას ისე მიიჩნევთ, როგორც ჰობის, ტრეიდინგის მიმართ რეალურ ვალდებულებას ვერ იგრძნობთ; ხოლო თუ სამსახურად – შესაძლოა, იმედები გაგიცრუვდეთ, რადგან ამ სამუშაოში რეგულარულ ხელფასს ვერ მიიღებთ. ჩათვალეთ, რომ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ და მისი პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდისთვის შესაბამისი სტრატეგია უნდა შეიმუშაოთ.

ტექნოლოგია

ტრეიდინგის სფეროში ტექნოლოგიების გამოყენება, ცხადია, მხოლოდ Backtesting-ით არ შემოიფარგლება. მაგალითად, დიაგრამების შესადგენი პლატფორმებით ტრეიდერებს ბაზრების ანალიზი შეუძლიათ, ხოლო ბაზრების მდგომარეობის შესახებ განახლებების მობილური ტელეფონის საშუალებით მიღება მათ პროცესების ნებისმიერი ადგილიდან მართვის საშუალებას აძლევს.

ტრეიდინგი კონკურენტული ბიზნესია და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ივარაუდოთ, რომ სხვები არსებული ტექნოლოგიებით მაქსიმალურ სარგებელს იღებენ, ამიტომ ეს შესაძლებლობები თქვენ სასარგებლოდაც უნდა გამოიყენოთ.

ცალკე კაპიტალი

სანამ ტრეიდინგს დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ ანგარიშზე არსებული თანხა ნამდვილად ამ საქმიანობაში დასახარჯად არის განკუთვნილი – ვაჭრობაში არ უნდა გამოიყენოთ სხვა ვალდებულებებისთვის (სწავლის ან ბინის იპოთეკის გადასახადი) გადადებული თანხა და არ უნდა თქვათ, რომ ამ ფულს დროებით სესხულობთ. ტრეიდინგი რისკს მოიცავს და ვაჭრობა ყოველთვის წარმატებით არ სრულდება. საკუთარი შრომით გამომუშავებული ფინანსების დაკარგვა ისედაც საკმარისად დამთრგუნველია, ეს ეფექტი კი უფრო მძაფრდება, თუ აღნიშნული თანხა სულ სხვა საქმისთვის გჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ, ტრეიდინგისთვის ყოველთვის ცალკე კაპიტალი უნდა გქონდეთ გამოყოფილი.

რისკი

ვთქვათ, ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი ხარჯები დაფარეთ და დამატებით დაგრჩათ $50,000, რომლის ინვესტირებაც გსურთ. ეს საკმაოდ კარგი თანხაა ტრეიდინგში ჩასართავად, თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზედმეტი, არასაჭირო რისკი არ უნდა გასწიოთ და თქვენი ბიზნესის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. მაგალითად, ამ საქმიანობისთვის გამოყოფილი $50,000 ერთდროულად არ დახარჯოთ. მეტიც, კაპიტალის 1%-ზე მეტი ერთ მოცემულ ვაჭრობაში არასდროს უნდა გარისკოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ $500-ზე მეტის ერთ ვაჭრობაში დაკარგვის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მისცეთ.

რომელ ბაზრებზე ვივაჭროთ?

ბაზრებზე

ტექნოლოგიური და ტრეიდინგთან დაკავშირებული ინოვაციები გრძელდება. სავაჭრო ინსტრუმენტების სახეობები კი დღითიდღე ფართოვდება. ტრეიდერებს სულ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, ზუსტად დაარეგულირონ და ინდივიდუალურ გარემოებებს მოარგონ თუ რომელ ბაზრებზე ივაჭრებენ.

სწავლა

იმისათვის, რომ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ, ბაზრების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა უნდა დააგროვოთ და ის მუდმივად უნდა განაახლოთ. ტრეიდერებისთვის აუცილებელი საკითხავი და გასაცნობი მასალებია ფინანსური დოკუმენტები, მათ შორის, წლიური ანგარიშები; ანალიტიკოსების ანგარიშები; ეკონომიკური მაჩვენებლები; ფასების ისტორიული მონაცემები; ანგარიშები შესაბამისი ტენდენციების შესახებ. ამის გარდა, მათ თვალყური უნდა ადევნონ მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკური მოვლენების შესახებ ახალ ამბებს. საბოლოო ჯამში კი, წარსული და ამჟამინდელი ბაზრების შესახებ საკმარისი ინფორმაციის შეგროვებითა და გააზრებით, ტრეიდერები მომავლისთვის უფრო მომზადებულნი იქნებიან.

სიმშვიდე

ტრეიდინგი დანაკარგებსაც მოიცავს და მიუხედავად იმისა, რომ თანხის დაკარგვასთან შეგუება რთულია, ამ საკითხზე ზედმეტად არ უნდა ინერვიულოთ. როგორც უორენ ბაფეტი ამბობს, ზოგი ადამიანი აქციებს საერთოდ არ უნდა ფლობდეს, რადგან ისინი ფასების რყევებს ზედმეტად განიცდიან – ,,ზოგიერთი ადამიანი აქციების ფლობისთვის ემოციურად ან ფსიქოლოგიურად შესაფერისი არ არის… თუ რაიმე სისულელის გაკეთებას აპირებთ იმის გამო, რომ აქციების ფასი შემცირდა, აქციები საერთოდ არ უნდა გქონდეთ… თუმცა, ვფიქრობ, ბევრი მათგანი იქნებოდა [მზად], თუ ცოდნას მიიღებდნენ იმის შესახებ, რასაც ყიდულობენ… [მაგალითად] რაც უფრო დიდხანს ინახავთ აქციებს, ისინი მით უფრო ნაკლებად სარისკო ხდება; ხოლო რაც უფრო გრძელია ობლიგაციების ვადა, ისინი მით უფრო სარისკოა’’.

რეალისტობა

შესაძლებელია თუ არა ერთ ინვესტიციაზე 40%-იანი წლიური მოგების მიღება? – რა თქმა უნდა, კი. არის თუ არა გონივრული იმის დაჯერება, რომ ამგვარი მოგება წლიდან წლამდე გარანტირებულია? – რა თქმა უნდა, არა. ტრეიდერებს რეალისტური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ საკუთარი პორტფელის მიმართ და უნდა გაითვალისწინონ, რომ წარსული წარმატება სამომავლოდ სასურველი შედეგების მიღების გარანტია არ არის.

გაჩერება

ვაჭრობის შეჩერების ორი მთავარი მიზეზი არსებობს – არაეფექტური გეგმა გაქვთ ან ხვდებით, რომ მოცემულ მდგომარეობაში ეს საქმიანობა კარგად არ გამოგდით.

შესაძლოა, backtesting-მა თქვენი გეგმის ეფექტურობა აჩვენოს, თუმცა, რეალურ მოცემულობაში განსხვავებული შედეგი მიიღოთ თუნდაც იმიტომ, რომ ბაზრები მუდმივად იცვლება. ამ შემთხვევაში, უნდა ეცადოთ, რომ წარუმატებლობას ემოციურად არ მიუდგეთ, გადახედოთ გეგმას და მასში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოთ ან ახალი გეგმა ჩამოაყალიბოთ.

შესაძლოა, გეგმა ეფექტური იყოს, თუმცა, მას ბოლომდე ვერ მიყვებოდეთ. ეს შესაძლოა, მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს, მათ შორის, გარე სტრესმა. ამ შემთხვევაში, ჯობს შეისვენოთ და გამოწვევების გადაჭრის შემდეგ, საქმიანობას ახალი ძალებით დაუბრუნდეთ. თუმცა, თუ აღმოაჩენთ, რომ ტრეიდინგი საერთოდ არ გამოგდით და მუდმივად თანხას კარგავთ, მაშინ ჯობს, ვაჭრობა შეწყვიტოთ.


შენიშვნა: ინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post