წარმატებული YouTube ვიდეოს 12 ელემენტი
ვიდეომასალების წარმოება კონტენტ მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულებაა. თავისთავად ვიდეომარკეტინგი კი გულისხმობს ვიდეოს დაგეგმვას, შექმნასა და მის გამოყენებას პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციისთვის, კომპანიის შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლებისთვის, გაყიდვების გენერირებისთვისა და ციფრულ არხებში მომხმარებლების ჩართულობის გასაზრდელად.
ვიდეოკონტენტის წარმოება შეიძლება იყოს ძვირი, შრომატევადი და ბევრ დროსაც საჭიროებდეს, თუმცა მომხმარებელთა შორის მასზე დიდი მოთხოვნაა. აღსანიშნია, რომ ხარისხიანი ვიდეორგოლი კომპანიის სრულიად სხვა მხარეს აჩვენებს. ამის გარდა, ის ბრენდს საშუალებას აძლევს, მომხმარებელს განსხვავებული შინაარსისა და დატვირთვის მქონე მასალა მიაწოდოს. აქ იგულისხმება თუნდაც ისეთი კონტენტი, რომელიც მაყურებელს კომპანიის წარმოებული პროდუქტის გამოყენების გზას, ან მისი შექმნის (დასაწყისიდან მათთან მოხვედრამდე) პროცესს აჩვენებს.
ვიდეომასალების გავრცელება შესაძლებელია ნებისმიერი არხით. ეს შეიძლება იყოს კომპანიის ვებგვერდი, ბლოგი, სოციალური ქსელები და ა.შ. მათ შორის ერთ-ეთი საუკეთესო არხი არის YouTube. აღნიშნულს არაერთი სტატისტიკა ადასტურებს:
• YouTube არის მეორე ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, რომელსაც ყოველთვიურად 14.3 მილიარდი ვიზიტორი (აქედან, 1.7 მილიარდი უნიკალური ვიზიტორი) ჰყავს;
• ყოველ წუთში YouTube-ზე ასობით საათის ვიდეომასალა იტვირთება;
• YouTube-ზე განთავსებულ რეკლამას 2.56 მილიარდ მომხმარებლამდე მიღწევის პოტენციალი აქვს.
როგორ უნდა მივიღოთ მაქსიმალური შედეგი YouTube-ისგან? ყველაფერი ხარისხიანი ვიდეოს შექმნით იწყება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ წარმატებული ვიდეომასალის შესაქმნელად საჭირო 12 ძირითად კომპონენტს.
ბრენდირებული შესავალი (ე.წ. ინტრო)
მარკეტინგში ბრენდინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი მომხმარებლის ლოიალობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ვიდეოს ბრენდირებული შესავალი კი აუდიტორიას დაეხმარება, რომ თქვენი ნამუშევარი პირველივე წამებიდან ამოიცნონ, დარჩნენ და გააგრძელონ ყურება. მართალია, მაყურებლებს თითოეული ვიდეოს შინაარსი და სათაური არ დაამახსოვრდებათ, თუმცა, ბრენდირებული კადრების დანახვა მათ თქვენი კომპანიის ასოციაციას გაუჩენს.
მიმზიდველი შესავალი
ადამიანების საკმაო ნაწილი YouTube ვიდეოს ყურებას აღარ აგრძელებს, თუ პირველი 10 წამი მათთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად? მას შემდეგ, რაც ინტროში ბრენდირებულ კადრებს გამოიყენებთ, ეცადეთ, მომხმარებელი ყურების გაგრძელებაში დაარწმუნოთ. შესავალშივე ნათლად ახსენით, თუ რას იხილავენ, რათა ადამიანებმა გაიაზრონ, თუ რა სარგებელს მოუტანს მათ თქვენი ვიდეო.
მოკლე შესავალი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანთა დიდი ნაწილის ყურადღების დიაპაზონი ძალიან მცირეა. ესეც რომ არა, აუდიტორიისთვის ნებისმიერ შემთხვევაში უინტერესოა ვიდეოს გრძელი და არაფრისმომცემი შესავალი. მეტიც, YouTube აუდიტორიის უმეტესობა ვიდეომასალას ბოლომდე იმ შემთხვევაში უყურებს, თუ ის მოკლეა. აქედან გამომდინარე, მისი ხანგრძლივობის დიდი ინტროთი გაზრდა არასასურველია. ეცადეთ, რომ შესავალი 10 წამში (საუკეთესო შემთხვევაში, 5 წამში) ჩაატიოთ.
ვიდეოკონტენტში ტრენდული თემების ჩართვა
კონტენტში ტენდენციური თემების ჩართვა ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია რელევანტურობის შენარჩუნებისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის დამყარებისთვის. ამ შემთხვევაში, იფიქრეთ რა არის დროის მოცემული მომენტისთვის ყველაზე განხილვადი თემა. ეს შესაძლოა იყოს ლოკალური სიახლეები, სეზონური ამბები, ფილმები, თამაშები, მუსიკა, ტექნოლოგიები და ა.შ. ამ თემების აღმოჩენაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ კონკრეტული ქვეყნისთვის YouTube Trending-ის შემოწმება. ამ მიზნისთვის ასევე კარგი რესურსია Google Trends.
ფონური მელოდია
უნდა ჰქონდეს თუ არა ვიდეოს ფონური მელოდია? შეიძლება ვიფიქროთ, რომ აუდიტორიას მხოლოდ ის აინტერესებს, რასაც ვიდეომასალაში ვამბობთ. თუმცა, მელოდიის გარეშე, ის მარტივად მობეზრებადი ხდება. ფონური მელოდია კი არა მხოლოდ მყისიერად იპყრობს მაყურებლის ყურადღებას, არამედ ადამიანებში შესაბამის განწყობასაც აყალიბებს. გარდა ამისა, აუდიტორიისთვის საინტერესო, კარგი მუსიკალური გაფორმება შესაძლოა კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი გახდეს იმისა, რომ თქვენი ვიდეო გააზიარონ. თუმცა, ყურადღებით უნდა იყოთ და დარწმუნდეთ, რომ კონკრეტული მელოდიის გამოყენების კანონიერი უფლება გაქვთ. ამასთანავე, ფონური მელოდიის დართვისას მისი ჟღერადობის სიმაღლე უნდა გაითვალისწინოთ – თუ ვიდეოში საუბარი ისმის, მელოდიამ ის არ უნდა გადაფაროს.
ინდივიდუალური გამოცდილების შექმნა
ჩამოაყალიბეთ micro-moments, ანუ მომხმარებლის რეფლექსური ქცევა, რომ დაბრუნდნენ თქვენთან რაიმეს შესწავლის, აღმოჩენის ან გაკეთების მიზნით. იმისათვის, რომ ადამიანებს მიაწოდოთ ის, რაც სურთ და მაშინ, როცა სურთ, შესაბამისი მონაცემების ანალიზს უნდა მიმართოთ. პერსონალიზებული კონტენტის მისაწოდებლად:
• გაარკვიეთ, თუ რას ეძებენ ადამიანები ინტერნეტსივრცეში და ვიდეოები მათ მოარგეთ. ამის დადგენაში საკვანძო სიტყვების (Keyword) კვლევის ინსტრუმენტი დაგეხმარებათ, მაგალითად Google Trends. ამ გზით გაიგებთ, თუ რამდენად ზრდადი/შემცირებადი მოთხოვნაა კონკრეტულ თემაზე.
• ვიდეოს შექმნის შემდეგ, გამოიყენეთ YouTube Analytics, რათა უპასუხოთ შეკითხვებს – ვინ უყურებს რეალურად კონტენტს? რა არის აუდიტორიის მთავარი ინტერესის საგანი?
მოწოდება მოქმედებისკენ
YouTube მაყურებლებს დიდი დრო არ აქვთ – ისინი მუშაობენ და პირადი ცხოვრება აქვთ. ამიტომ, აუდიტორიას მოქმედებისკენ შემოქმედებითი გზებით უნდა მოუწოდოთ. აუცილებელია, რომ ის დროულიც იყოს, რადგან მაყურებელთა ნაწილი ვიდეოს ბოლომდე არ დარჩება, შესაბამისად, მოწოდება მასალის ბოლოს არ უნდა განათავსოთ (ეს განსაკუთრებით ხანგრძლივ კონტენტს ეხება).
მოქმედებისკენ მოწოდების, ამ შემთხვევაში, გამომწერთა რიცხვის გაზრდისთვის, კარგი გზა Youtube ანგარიშის URL-ის ბოლოს სიმბოლოების ?sub_confirmation=1 დამატებაა. ბმულზე გადმოსვლისთანავე მომხმარებელი დაინახავს ფანჯარას, რომელიც მას არხის გამოწერისკენ მოუწოდებს.
End Screen-ის დამატება
End Screen (ცნობილი ასევე როგორც End Card და Endslate) არის Youtube-ის ფუნქცია, რომელიც კონტენტის შემქმნელებს საშუალებას აძლევს ვიდეოს ბოლო 5-20 წამის განმავლობაში გამოსახულებაზე დაამატონ გარკვეული რაოდენობის ელემენტები (სტანდარტულ 16:9 თანაფარდობის ვიდეოზე 4-ამდე ელემენტი). ელემენტი შესაძლოა მოიცავდეს არხის გამოწერისკენ ან სხვა (უფრო ადრე ატვირთული) ვიდეოების ყურების მოწოდებას და ა.შ. თუმცა, End Screen-ის გამოყენებისთვის საჭიროა, რომ მასალის ხანგრძლივობა მინიმუმ 25 წამი იყოს.
მიმზიდველი Thumbnail
Thumbnail არის გამოსახულება, რომელსაც აუდიტორია ვიდეოს დანახვისას, მის ჩართვამდე ხედავს. სწორედ თავისივე არსის გამო, უკვე განხილულ ელემენტებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ვიდეოსთვის წარმატების მოტანის რეალური საშუალება მიმზიდველი Thumbnail-ია. თუ ის მომხმარებელს არ გაუჩენს სურვილს, რომ ვიდეოზე დააწკაპოს (მეტი დაწკაპება კი ალგორითმს აჩვენებს, რომ კონტენტი მნიშვნელოვანია და ის უფრო მეტ მომხმარებლამდე უნდა მიიტანოს), წყალში ჩაიყრება თქვენი შრომა, რომელიც თუნდაც ხარისხიანი ინტროს შექმნისა და კარგი მელოდიის შერჩევისთვის გაწიეთ.
Thumbnail-ის შექმნისას ორი რამ უნდა გაითვალისწინოთ:
• არ მოატყუოთ მომხმარებელი – დარწმუნდით, რომ Thumbnail ემთხვევა ვიდეოს სათაურსა და შინაარსს. როგორც კი აუდიტორია მიხვდება, რომ მხოლოდ ვიდეოზე დაწკაპების მიღების მიზნით მოტყუვდა, ის ვიდეოს ყურებას უმალ შეწყვეტს, რაც ალგორითმზე უარყოფითად იმოქმედებს.
• შეინარჩუნეთ ერთნაირი სტილი – თქვენს არხზე განთავსებული ვიდეოების Thumbnail-ები გარკვეულწილად ერთგვაროვნებას უნდა ინარჩუნებდეს. აქ შესაძლოა ვიგულისხმოთ ლოგო, ხშირად გამოყენებული ფერები, წარწერების ფორმა და შრიფტი და ა.შ დროთა განმავლობაში სწორედ ეს ერთგვაროვნება ხდის თქვენს კონტენტს გამორჩევადს და ამოცნობადს.
კოლაბორაცია
კოლაბორაცია კონტენტის შემქმნელებთან, რომელთაც უკვე ჰყავთ აუდიტორია, მაყურებლების მოზიდვისა და საკუთარი აუდიტორიის ჩამოყალიბების კარგი გზაა. სხვებთან თანამშრომლობა წვდომას მოგცემთ ისეთ მომხმარებლებზე, რომელთაც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ვერასდროს გაეგოთ თქვენს შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ კოლაბორაცია განიხილოთ ისეთ ადამიანთან, რომელთანაც საერთო ნიშა გაქვთ ან რომლის აუდიტორიაც დაინტერესებულია იმ თემატიკის ვიდეოებით, რომელთაც თქვენს არხზე განათავსებთ.
აუდიტორიის ჩართვა
აუდიტორიის ჩართულობას თავისი უპირატესობები აქვს. მაგალითად, მაყურებლებისთვის კითხვების დასმით, ვიდეოზე კომენტარებს მიიღებთ, რაც ალგორითმზე დადებითაც იმოქმედებს. ამის გარდა, ადამიანთა უკუკავშირი სამომავლო კონტენტის თემების იდეებს მოგაწვდით.