fbpx

7 მეტრიკა კონტენტ მარკეტინგის შესაფასებლად

მარკეტინგის

7 მეტრიკა კონტენტ მარკეტინგის შესაფასებლად

კონტენტ მარკეტინგის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სტრატეგიის, გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ გეგმის აღსრულებაში ჩადებული რესურსებისა და ინვესტიციის უკუგება მივიღოთ. ხოლო იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შესაფერისი გეგმა დავსახეთ მიზნის მისაღწევად, რამდენად ეფექტურად გავართვით საქმეს თავი და რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა მომხმარებელზე ჩვენს სტრატეგიას (შესაბამისად, როგორი უკუგება გვექნება), მეტრიკები დაგვჭირდება. ამის გარდა, რაოდენობრივი საზომების შედეგები დაგვეხმარება, დავადგინოთ, გვჭირდება თუ არა მიდგომის შეცვლა.

მანამ, სანამ მეტრიკებს განვიხილავდეთ, გავიხსენოთ, თუ რას ნიშნავს კონტენტ მარკეტინგი. კონტენტ მარკეტინგი არის სტრატეგიული მარკეტინგული მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია ღირებული და რელევანტური მედიამასალების შექმნასა და ხშირ გავრცელებაზე. მისი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა; სამიზნე აუდიტორიის მოზიდვა, ჩართვა და შენარჩუნება, რაც საბოლოოდ გაყიდვების გენერირებაში აისახება. ის შეიძლება მოიცავდეს ბლოგს, ინფოგრაფიკას, პოდკასტს, ვიდეოსა და სხვა წერილობით თუ აუდიოვიზუალურ მასალებს.

კონტენტ მარკეტინგის 5 ტიპი

content-mvp.ge

კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია კომპანიებმა მრავალი დეტალის გათვალისწინებით უნდა გაწერონ. მათ უნდა გაითვალისწინონ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა კომპანიის მიზანი, აუდიტორია, მასალების გავრცელების არხები და ა.შ. ამ ყველაფრის დაგეგმვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი თავად კონტენტ მარკეტინგის ტიპის შერჩევაა.

მნიშვნელოვანი მეტრიკები

კონტენტ მარკეტინგის დასახული სტრატეგიის შედეგიანობის დასადგენად უამრავი საზომი არსებობს. ის, თუ რომელი მათგანის გამოყენება იქნება თქვენთვის ყველაზე ეფექტური, კომპანიის მიზნებზეა დამოკიდებული. თუმცა, არსებობს რამდენიმე მეტრიკა, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ და ნათლად გაჩვენებთ თქვენი აღსრულების ხარისხს.

ტრაფიკის წყაროები

ტერმინი ტრაფიკი აღნიშნავს ადამიანების რაოდენობას, რომლებიც თქვენს ვებსაიტს ეწვივნენ. ტრაფიკი შესაძლოა იყოს ორგანული, არაორგანული, პირდაპირი, რეფერალური (იგივე Backlink, Inbound link და One-way link), იმეილ მარკეტინგიდან, სოციალური მედიიდან ან სხვა წყაროებიდან მიღებული. თქვენთვის კი მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ საიდან შეიტყვეს ვიზიტორებმა კომპანიის შესახებ და როგორ აღმოჩნდნენ თქვენს ვებსაიტზე.

ტრაფიკის წყაროების დასადგენად არაერთი ხელსაწყო არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის Google Analytics.

ნახვები

ნახვები (იგივე impression) აჩვენებს, თუ რამდენჯერ გამოჩნდა თქვენი კონტენტი მომხმარებლების ეკრანებზე. აქ შესაძლოა ვიგულისხმოთ თუნდაც თქვენი ვებსაიტიდან ნებისმიერი URL-ის გამოჩენის რაოდენობა მომხმარებლების მიერ ნანახი ძიების შედეგებში. თუმცა, impression-ში იგულისხმება მხოლოდ ნახვა და არა რაიმე მოქმედების (თუნდაც, ბმულზე დაწკაპება) განხორციელება მომხმარებლის მიერ. აქვე აღსანიშნია, რომ ერთ ადამიანს შესაძლოა რამდენიმე impression ჰქონდეს ერთსა და იმავე კონტენტზე (Reach-ისგან განსხვავებით, რომელიც გვიჩვენებს რაოდენობას იმ ადამიანებისა, რომელთაც კონტენტი ნახეს). მაგალითად, შესაძლოა, ერთი კონკრეტული კონტენტი მომხმარებლის ფეისბუკის ახალი ამბების ლენტაში (Newsfeed) მისი თავდაპირველი განმთავსებლის პოსტის საშუალებით მოხვდეს და შემდეგ კვლავ გამოჩნდეს, როდესაც მისი მეგობარი ავტორის პოსტს გააზიარებს. თუ მომხმარებლის ახალი ამბების ლენტაში ორივე აქტივობა გამოჩნდება, ერთსა და იმავე პოსტზე მას ორი impression ექნება.

Impression მნიშვნელოვანი მეტრიკაა, რადგან ის წარმოდგენას გიქმნით იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი ან მცირე მიღწევადობა აქვს კონკრეტულ სარეკლამო არხს. ასევე, მისი საშუალებით მარკეტოლოგებს სხვა მეტრიკების, მათ შორის Click-through-rate (CTR)-ის გაზომვაც შეუძლიათ.

Click-through-rate (CTR)

კომპანიის კონტენტის ჯამური ნახვების რაოდენობა (Impressions) მნიშვნელოვანია, მაგრამ CTR-ის გათვალისწინების გარეშე, კამპანიის ეფექტურობას სრულად ვერ დაადგენთ. უბიძგებს თქვენი სარეკლამო კამპანია მნახველებს მოქმედებისკენ? გადადიან ისინი ბმულზე? იგებენ უფრო მეტს თქვენი პროდუქტების შესახებ? – ამ კითხვებზე პასუხს სწორედ CTR-ის შეფასებით მიიღებთ.

CTR სარეკლამო კამპანიაზე დაწკაპებისა და მისი ნახვების რაოდენობის (Impressions) თანაფარდობაა. იგი გამოითვლება ბმულზე დაწკაპებების რაოდენობის გაყოფით მისი ნახვების ჯამურ რაოდენობაზე და მიღებული შედეგის პროცენტულ მაჩვენებელში გადაყვანით. მაგალითად, თუ კომპანია აწარმოებს სარეკლამო კამპანიას, რომელსაც 10 000 ნახვა და 500 დაწკაპება აქვს, ამ კამპანიის CTR 5% იქნება – ანუ 10000/500X100%.

კონტენტის გაზიარება

შესაძლოა, კარგ კონტენტს ქმნიდეთ, თუმცა საკმარისად კარგია ის იმისთვის, რომ სხვებმა სასარგებლოდ და კომპეტენტურად მიიჩნიონ, შემდეგ კი საკუთარ აუდიტორიას გაუზიარონ? სწორედ ეს არის თქვენს მიერ განთავსებული მასალების რეალური გამოცდა.

Backlink (იგივე Inbound link და One-way link) არის ბმული რომელიც სხვა საიტიდან თქვენს ვებგვერდზე გამოამისამართებს მნახველს. Backlink-ის რაოდენობა მნიშვნელოვანია SEO-სთვის, რადგანაც მისი კარგი მაჩვენებელი Google-ს მიუთითებს, რომ სხვა რესურსი თქვენს კონტენტს საკმარისად ღირებულად მიიჩნევს. რაც უფრო ხშირად ზიარდება თქვენი მასალები, მით უფრო მეტად აღიქვამს Google მათ მომხმარებლების მიერ დასმული შეკითხვების პასუხად და უფრო მეტ ადამიანს აჩვენებს.

Opt-in Rate

Opt-in Rate აღიშნავს ვებსაიტის იმ ვიზიტორების პროცენტულ მაჩვენებელს, რომლებიც თქვენს ელფოსტის შეტყობინებებს გამოიწერენ. მაგალითად, თუ 100 ვიზიტორი ეწვია ვებგვერდს ან ერთგვერდიან საიტს (იგივე, საწყისი გვერდი – Landing page) და 20 ადამიანი ელფოსტის სიახლეებს გამოიწერს, Opt-in Rate 20% იქნება – ანუ 20/100X100%.

ელფოსტაზე დაგზავნილი სიახლეები ერთ-ერთი კარგი გზაა (პოტენციური) მომხმარებლების ყურადღების მისაპყრობად, თავის შესახსენებლად და გაყიდვებისთვის მეტი სამომავლო პერსპექტივის შესაქმნელად.

Bounce Rate

Bounce არის ერთგვერდიანი სესია თქვენს საიტზე – ანუ როდესაც მომხმარებელი საიტის მხოლოდ ერთ გვერდს ხსნის და ვიზიტის განმავლობაში რაიმე სხვა ქმედების განხორციელების გარეშე (ბმულზე დაწკაპება, სხვა გვერდზე გადასვლა, ფორმის შევსება, შესყიდვა და ა.შ.) ტოვებს მას.

Bounce rate ვებსაიტის საერთო ჩართულობის საზომად გამოიყენება. იგი გამოითვლება ერთგვერდიანი ვიზიტების რაოდენობის გაყოფით ვებსაიტის ვიზიტების ჯამურ რაოდენობაზე და მიღებული შედეგის პროცენტულ მაჩვენებელში გადაყვანით. მაგალითად, თუ საიტის მთავარ გვერდს ერთი თვის განმავლობაში 1 000 ვიზიტორი ეყოლება და მათგან 500 მთავარი გვერდის ნახვის შემდეგ (სხვა გვერდებზე გადასვლის გარეშე) საიტს დატოვებს, მთავარი გვერდის Bounce rate 50% იქნება – ანუ 500/1000X100%.

იდეალურ შემთხვევაში, თქვენს საიტზე მოხვედრის შემდეგ ადამიანები გარკვეულ დროს გაატარებენ თვალიერების, შემეცნებისა და თუნდაც შესყიდვის პროცესში. თუმცა, ზოგჯერ ვიზიტორები საიტს მალევე ტოვებენ, რაც მაღალ Bounce rate-ს იწვევს. აღნიშნული შესაძლოა მრავალი მიზეზის, მათ შორის გვერდის ნელა ჩატვირთვის ან მოლოდინების გაცრუების გამო მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იცოდეთ Bounce rate მაჩვენებელი, რაც შესაბამისი ზომების მიღებაში დაგეხმარებათ.

არის თუ არა მაღალი Bounce rate ყოველთვის საგანგაშო? არა. თუ თქვენი საიტის წარმატება დამოკიდებულია ვიზიტორების მიერ ერთზე მეტი გვერდის დათვალიერებაზე, მაშინ ნამდვილად – კი. მაგალითად, თუ თქვენი მთავარი გვერდი საიტის დანარჩენ ნაწილში (მაგ. ახალი ამბები, პროდუქციის გვერდები და ა.შ.) მოსახვედრი შუამავალია და მნახველების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ მას ათვალიერებს, მაშინ დროა, ზომები მიიღოთ. მეორე მხრივ, თუ ერთგვერდიანი საიტი გაქვთ (მაგ. ბლოგი) ან მომხმარებელს სთავაზობთ სხვა ტიპის კონტენტს (რომლისთვისაც ერთგვერდიანი სესიები მოსალოდნელია), მაშინ მაღალი Bounce rate სავსებით ნორმალურია.

საკვანძო სიტყვების რეიტინგი

საკვანძო სიტყვების რეიტინგი SEO-ში გულისხმობს ადგილს, რომელსაც თქვენი ვებგვერდი კონკრეტულ საძიებო მოთხოვნაზე მიღებული შედეგებს შორის იკავებს. ანუ, როდესაც ადამიანები Google-ში საძიებო სიტყვას უთითებენ (რომელიც თქვენი გვერდის თემას უკავშირდება) და მათ მოთხოვნაზე გარკვეული საძიებო შედეგები ჩამოიშლება, ამ შედეგებში თქვენი URL-ის მიერ დაკავებული ადგილი, თქვენი საკვანძო სიტყვების რეიტინგის მაჩვენებელია.

როგორც წესი, საძიებო სისტემები თითო გვერდზე ძიების დაახლოებით 10 შედეგს აჩვენებს. თუ თქვენი URL გვერდის ზედა ნაწილთან (პირველ შედეგთან) უფრო ახლოსაა, მაშინ საკვანძო სიტყვების მაღალი რეიტინგი გაქვთ. ხოლო თუ ქვედა ნაწილთანაა ახლოს, მაშინ – პირიქით. საკვანძო სიტყვების რეიტინგში ასევე განიხილება ის, თუ ძიების შედეგების რომელ გვერდზეა ნაჩვენები URL. საძიებო გრაფაში ჩაწერილი სიტყვის (მოთხოვნის) უფრო შესაბამისი შედეგები პირველ გვერდზე გამოჩნდება, ხოლო ნაკლებად რელევანტური – მე-2 გვერდზე ან მის მიღმა.

კონტენტ მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შესაბამისი აუდიტორიისთვის სწორი საკვანძო სიტყვების შერჩევაა. აქ მთავარი კითხვაა – რას ეძებენ თქვენი პოტენციური მომხმარებლები Google-ში? როგორც კი ამ შეკითხვაზე დაადგენთ პასუხს და მასალებში გამოიყენებთ, უფრო მარტივად ძიებადი გახდებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში საკვანძო სიტყვები იცვლება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post