fbpx

ჰობით ფულის გამომუშავების შესაძლებლობა, ანუ NFT თამაშები

NFT

ჰობით ფულის გამომუშავების შესაძლებლობა, ანუ NFT თამაშები

თუ ვიდეოთამაშები გიზიდავთ, შეგიძლიათ, თქვენი ჰობი დამატებითი ფინანსების გამომუშავების ან ინვესტირების დაწყების შესაძლებლობად აქციოთ. როგორ? NFT თამაშებით. რა არის ამისთვის საჭირო? მხოლოდ კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობა, ციფრული საფულე და კრიპტობირჟაზე წვდომა. და მაინც, როგორ უნდა მოახდინოთ განტვირთვისა და გართობის პროცესის მონეტიზაცია?

რა არის NFT?

სანამ მთავარ საკითხზე გადავიდოდეთ, პირველ რიგში, გავიხსენოთ, თუ რა არის NFT. აღნიშნული აბრევიატურა იშიფრება, როგორც Non-fungible Token. სიტყვა Non-fungible მის უნიკალურობას აღნიშნავს, ანუ მას ვერაფრით ჩაანაცვლებთ. უფრო გასაგები რომ იყოს, ყველასათვის ცნობილი ბიტკოინი არის Fungible – თუ ერთ ბიტკოინს მეორეზე გადაცვლით, ისევ იმავეს მიიღებთ. Non-fungible Token-ის შემთხვევაში ასე არ ხდება – თუ ერთ მათგანს მეორეზე გადაცვლით, სრულიად განსხვავებული რამ დაგრჩებათ.

Non-fungible token მრავალი სახით შეიძლება შეგვხვდეთ, იქნება ეს საკოლექციო სპორტული ბარათები, მუსიკა, ხელოვნების ნიმუშები, ვირტუალური უძრავი ქონება, ციფრული სპორტული ფეხსაცმელი თუ სხვა სახის აქტივები. აი, ამ უკანასკნელში კი, კომპიუტერულ თამაშებში არსებული Non-fungible Token-ებიც იგულისხმება.

რა არის GameFi?

Non-fungible Token თამაშები GameFi-ს შემადგენელი ნაწილია. თავად ტერმინი GameFi კი სიტყვების ,,თამაში’’ და ,,ფინანსები’’ შერწყმით არის მიღებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ GameFi-ში ძირითადად იგულისხმება play-to-earn ბლოკჩეინთამაშები (მათი უმეტესობა Ethereum blockchain-სა და Binance Smart Chain-ზეა ხელმისაწვდომი), რომლებიც ადამიანებს კრიპტოვალუტებისა და Non-fungible Token-ების გამოიმუშავების საშუალებას აძლევს. მათ მისაღებად თამაშებში ძირითადად გარკვეული მისიების შესრულება, სხვებთან შეჯიბრებებსა და ბრძოლებში გამარჯვება ან თუნდაც მომდევნო დონეებზე გადასვლაა საჭირო.

თამაშში მრავალნაირი Non-fungible Token შეიძლება შეგვხვდეთ. ისინი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს პერსონაჟების ანდა მათი მცირე ანიმაციების, გიფების, ილუსტრაციების, სამოსის, აქსესუარების ან სხვა აქტივების სახით.

ტრადიციული ვიდეოთამაშებისგან განსხვავებით, ბლოკჩეინთამაშების ხიბლი ისაა, რომ მოპოვებული აქტივების თამაშის ვირტუალური სამყაროს გარეთ გატანა არის შესაძლებელი. ანუ თამაშით გამომუშავებული Non-fungible Token-ების ციფრულ საფულეში გადატანა, შენახვა და სურვილის შემთხვევაში, ბაზრებზე ვაჭრობა (როგორც მოპოვებულის გაყიდვა, ასევე სასურველის ყიდვა) დაშვებულია.

NFT ბევრად მეტია, ვიდრე ციფრული ხელოვნება

nft

NFT ხელოვნების სამყაროს მიღმაც არსებობს და თან – მრავალ ინდუსტრიაში. წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას, თუ როგორ იყენებს Non-fungible Token-ს უნიკალურ ღირებულებას თავის სასარგებლოდ ოთხი ძირითადი ინდუსტრია – მუსიკა, ელექტრონული კომერცია, სპორტი და უძრავი ქონება.

NFT თამაშები

ისევე როგორც ტრადიციული თამაშები, NFT თამაშებიც მრავალფეროვანია და სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანების სურვილებს აკმაყოფილებს. მაგალითად, 2015 წელს, ეთერიუმის ბლოკჩეინზე შექმნილ ერთ-ერთ პირველ Non-fungible Token თამაშში სახელწოდებით Etheria ადამიანებს შეუძლიათ, შეიძინონ და გაყიდონ ვირტუალური მიწები. ცნობილი თამაშია ასევე 2017 წელს შექმნილი CryptoKitties, რომელიც მოთამაშეებს ციფრული კატების შეგროვების, გამრავლების, მოვლის, ყიდვა-გაყიდვის, ასევე სხვადასხვა თავსატეხის შესრულების საშუალებას აძლევს. თამაშში მოცემული თითოეული კატა NFT-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მათგანი 100%-ით უნიკალურია.

NFT თამაშის დაწყება ზოგჯერ არანაირ ფინანსებს საჭიროებს, ზოგ შემთხვევაში კი, ინვესტირებაა საჭირო. მაგალითად, Splinterlands-ისა და Gods Unchained-ის წამოწყება უფასოა. ხოლო, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული CryptoKitties ითამაშოთ, მინიმუმ ერთი კატის შეძენაა საჭირო.

NFT-ების ყიდვა-გაყიდვა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთ თამაშში მოპოვებული Non-fungible Token-ების ბაზრებზე გაყიდვაა შესაძლებელი. ასევე, სასურველი NFT-ების შეძენაც. იმ შემთხვევაში, თუ მათი ყიდვა ან გაყიდვა გადაწყვიტეთ, მნიშვნელოვანია, თითოეული NFT-ის ღირებულებას იაზრებდეთ. მართალია, ყველა Non-fungible Token უნიკალურია, თუმცა ზოგიერთი მათგანი, თავიანთი სპეციფიკური ატრიბუტებიდან გამომდინარე, სხვებთან შედარებით, უფრო იაშვიათია; თანაც, თამაშში მეტი სარგებლის მომტანია; შესაბამისად, უფრო ძვირადღირებულია. აქედან გამომდინარე, ვაჭრობის პროცესში უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად დაგეხმარებათ კონკრეტული Non-fungible Token თამაშში წინსვლაში და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება მისი ყიდვის ან გაყიდვის შესახებ.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post